პუბლიკაციები
ირაკლი კობახიძე: ძლიერი პრემიერ-მინისტრი, სუსტი მთავრობა, სუსტი პარლამენტი, სუსტი პრეზიდენტი, ეს არის მოქმედი კონსტიტუციის საერთო ბუნება

  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სტუდენტებს კონსტიტუციონალიზმის მნიშვნელობასა და საქართველოს კონსტიტუციის მთავარ ფუნქციებზე ესაუბრა.

 როგორც ირაკლი კობახიძემ სტუდენტებთან საჯარო ლექციის დროს აღნიშნა, ნებისმიერი ქვეყნის კონსტიტუცია ლიბერალური, დემოკრატიული ღირებულებებით უნდა გამოირჩეოდეს და ეს უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციაც.

 რაც შეეხება კონსტიტუციის პოლიტიკურ ფუნქციას, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა პოლიტიკური სისტემის განვითარებაა.

 ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დოკუმენტის შინაარსზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მასზე მუშაობის პროცესი და დოკუმენტის კონსენსუსის საფუძველზე ჩამოყალიბებაა.

 „თუ გადავხედავთ ჩვენი კონსტიტუციონალიზმის განვითარების ისტორიას, ვნახავთ, რომ ამ კუთხით გვქონდა განსაკუთრებული სირთულეები და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ კონსტიტუციებმა საქართველოში დღემდე ვერ შეძლეს ძირითადი პოლიტიკური ფუნქციის შესრულება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში სხვადასხვა დროს მოქმედი სახელმწიფო მმართველობის ფორმებზეც ისაუბრა.

 „საპრეზიდენტო მმართველობაზე ერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ თავისი ბუნებით მიდრეკილია ავტორიტარიზმისკენ. არის ქვეყნები, სადაც საუკუნეებია, წარმატებით მოქმედებს საპრეზიდენტო მმართველობა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები, თუმცა, იქ საპრეზიდენტო მმართველობის ნეგატიურ ასპექტებს აბალანსებს სხვა სამართლებრივი რეგულაციები, მათ შორის, ერთ-ერთი მთავარია ამერიკული ფედერალიზმი. ანუ, ვიწრო ჭრილში არ შეიძლება კონკრეტული კონსტიტუციური მოდელების განხილვა. ის განხილულ უნდა იქნას საერთო კონტექსტში, რომელიც დამახასიათებელია შესაბამისი სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 2004 წელს საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ფორმალურად ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობას თავისი პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა. ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, რატომაც ჩამოყალიბდა საქართველოში ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობა, ფორმალური თვალსაზრისით, იყო პერსონალური ფაქტორი-სამ ძირითად სუბიექტს შორის გადანაწილდა სამი ძირითადი თანამდებობა. ეს სისტემა იყო ფორმალური თვალსაზრისით ნახევრად საპრეზიდენტო, რადგან აქ დარღვეული იყო კლასიკური ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის პრინციპები. კლასიკურ მოდელში მკაფიოდ არის გამიჯნული კომპეტენციები პრეზიდენტსა და მთავრობას, პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს შორის. ჩვენს მოდელში, რეალურად, ეს პრინციპები სათანადოდ არ იყო დაცული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

2010 წელს მმართველობის მოდელის კვლავ შეცვლაზე საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაშიც მიზეზი პოლიტიკური ფონი იყო.

მისივე თქმით, 2013 წლამდე, ძალაუფლება პრეზიდენტის ხელში იყო კონცენტრირებული, ხოლო 2013 წლის შემდეგ ძალაუფლების ცენტრი პრეზიდენტის ინსიტიტუტიდან პრემიერ-მინისტრზე გადავიდა.

"დღეს გვაქვს ასეთი მოდელი-ძლიერი პრემიერ-მინისტრი, სუსტი მთავრობა, სუსტი პარლამენტი, სუსტი პრეზიდენტი. ეს არის მოქმედი კონსტიტუციის საერთო ბუნება. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ პრაქტიკა არის ამ მოცემულობისგან განსხვავებული. პრაქტიკაში დღეს არ იჩენს თავს ყველა ის პრობლემა, რომელიც შეიძლებოდა გამოვლენილიყო. ამას განაპირობებს პოლიტიკური ურთიერთობების რეალური პრაქტიკა, რომელიც დღეს საქართველოშია ჩამოყალიბებული. თუმცა, გრძელვადიან პრაქტიკაში, ნებისმიერმა დაუბალანსებელმა სისტემამ შეიძლება, გამოიწვიოს პრობლემები და აქედან გამომდინარე, დღეიდანვე საჭიროა ფიქრი, რომ შეიცვალოს საქართველოს კონსტიტუცია და ჩამოყალიბდეს დაბალანსებული მოდელი, რომელიც მთლიანად თავსებადი იქნება ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე სტუდენტებს 2010 წელს განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმაზეც ესაუბრა.

ჩვენ გადავედით საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობაზე. დღევანდელი სისტემა არის საპარლამენტო სისტემა. ხშირად საუბრობენ ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაზე, რომელიც თითქოს დღეს მოქმედებს საქართველოში. დღევანდელ სისტემას ნამდვილად არ აქვს ნახევრად საპრეზიდენტო სისტემის გამოკვეთილი ელემენტები, მათ შორის, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაც არ ნიშნავს იმას, რომ სისტემა არის ნახევრად საპრეზიდენტო. დღევანდელი სისტემა არის რეალურად საპარლამენტო სისტემა და შესაბამისად არის გადანაწილებული როლები და კომპეტენციები ძირითად კონსტიტუციურ ორგანოებს შორის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, 2010 წელს, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისას, არ იქნა გათვალისწინებული ვენეციის კომისიის შენიშვნები, რომლის მიხედვითაც, უნდა გაძლიერებულიყო პარლამენტის როლი და მკაფიოდ გამიჯნულიყო პრეზიდენტისა და მთავრობის კომპეტენციები.

„ეს არის ორი ძირითადი ამოცანა, რომელიც შეიძლება დავინახოთ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატივის უკან“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შსს-ს აკადემიაში საჯარო ლექცია გამართა და სტუდენტებს საქართველოს კონსტიტუციისა და კონსტიტუციონალიზმის ისტორიის შესახებ ესაუბრა.