პოლიტიკა
დავით დარჩიაშვილი: იმის თქმა, რომ 2016 წლის არჩევნებზე მასობრივი გაყალბება იყო, არის ბლეფი

  საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. მე აღარ მინდა დივიდენდები, რომლებიც სიტყვიერ თუ ფიზიკურ ძალადობასთან არის წილნაყარი. 8 წელია, “ ნაციონალური მოძრაობის” ორომტრიალში ვარ, ვიცავ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მემკვიდრეობას და ბოლოს მიშასგან ვიღებ მოღალატის იარლიყს (ის, რომ მიშას ეს სიტყვა არ უთქვამს, როგორც ბაქრაძის ინტერვიუს შემდეგ ახსნა, თვალთმაქცობაა: მას უხარია, მისი "ხუნვეიბინები" რომ ილანძღებიან ჩვენი მისამართით და თავად ყოფილ თანამებრძოლებს გვეძახის). ეს ჩემთვის აღარაა პოლიტიკა, ამას სულ სხვა სახელი ჰქვია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დავი დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 „რასაც მაბრალებენ, თითქოს ბიძინასთან შეკვრას ვქადაგებ და მისი დანაშაულებების დავიწყებას (ერთ-ერთმა - საბანკო ანგარიშები შევუმოწმოთო. ნეტა, შეამოწმონ), ესაა მტკნარი სიცრუე... რადიკალური, ყველასთან შეურიგებელი ნაციონალური მოძრაობა მარტო ბიძინას აწყობს, რადგან ასეთი ოპონენტი ყოველთვის დარჩება საზოგადოების დიდი ნაწილისათვის საფრთხობელად. ხოდა ამის შეცვლა მინდა, ამით მინდა ბიძინას ხელში არსებული კოზირის გაჭრა. ამით მინდა, რომ ვაიძულო, შეეშვას დევნას, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, დაეხსნას მედიას... მხოლოდ ამის მერე გახდება შესაძლებელი, არ იყოს რუსული აგენტურა ჩვენს სპეცსამსახურებში. არ გგონიათ, რომ ვინც ზომიერების მომხრენი ვართ და არა პიროვნულად ბიძინას, არამედ კრიტიკული აზროვნების უნარის მქონე მის გუშინდელ მომხრეს, შუაშისტს, თუ რა ვიცი კიდევ ვის უწვდით ხელს, სწორედ ისინი ამოგვიჩემეს რუსეთის აგენტებმა თავის სამიზნეებად?.. თუ მიშამ ჩათვალა, რომ მისი ძველი თანამებრძოლები მოღალატეები გამხდარან, ახლა იმათ უნდა დაეყრდნოს, ვინც უკეთეს ოდას მიუძღვნის, მე ვერ გადავარწმუნებ. და თუ მგონია, რომ მისი არჩეული გზა არასწორია, მინიმუმ, ბიძინას ძვრას ვერ უზამს, მაქსიმუმ კი ქვეყანას ქაოსისაკენ წაიყვანს“, - წერს დავით დარჩიაშვილი.