უცხოეთი
ქართული საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმი“ უსამძიმრებს რუს ხალხს, რუსეთის პრეზიდენტსა და მთავრობას თურქეთში რფ–ის ელჩის ანდრეი კარლოვის დაღუპვის გამო

  საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. გუშინ საღამოს ანკარაში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში ფოტოგამოფენის გახსნისას ყოფილმა თუ მოქმედმა პოლიციელმა შეძახილებით: „თქვენ ხოცავთ უდანაშაულო ხალხს!“ (იგულისხმება ალეპო), ტაბელური პისტოლეტიდან გასროლით მოკლა პირდაპირ ტელეეთერში სიტყვით გამომსვლელი რფ–ის ელჩი თურქეთში ანდრეი კარლოვი.

 თურქული გაზეთი „HaberTurk“–ი წერს, რომ კარლოვის მკვლელი, 22 წლის მერტ ალტინტაში (Mert Altıntaş) თურქეთის პოლიციიდან ივლისის პუტჩის შემდეგ გაათავისუფლეს და იგი ტერორისტული ორგანიზაცია FETO–ს წევრი იყო, რომელიც აშშ–ში მიმალვაში მყოფ ფეთულა გიულენს უკავშირდება. ამასთან დაკავშირებით აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი, მისამძიმრების თანხლებით, აშშ–ის მხრიდან აღნიშნული დანაშაულის გახსნაში ყველანაირ მხარდაჭერას დაჰპირდა. სხვა მონაცემებით კი, მკვლელი აქამდე მუშაობდა თურქეთის პოლიციაში, ამიტომაც გამოიყენა ტაბელური იარაღი.

 დავძენთ, რომ მერტ ალტინტაში, რომელიც ადგილზე იქნა მოკლული, 1994 წლის 24 ივნისს დაიბადა, დაამთავრა მილიციის უმაღლესი სკოლა იზმირში და ორ წელიწად–ნახევრის განმავლობაში ანკარის პოლიციის სამმართველოში სპეციალური დანიშნულების რაზმში მსახურობდა. ხოლო თავდამსხმელის მშობლიურ ქალაქ აიდინში დაკავებული არიან მისი დედა და ქალიშვილი ხელშეწყობის ბრალდებით.

 ამავდროულად, სირიის ოპოზიციის მხარდამჭერები აგრძელებენ დემონსტრაციებს რუსეთის გენერალურ საკონსულოსთან სტამბულში. დემონსტრაციის მონაწილეებს „სუდარებში“ ახვევენ და რფ–ის საელჩოს შენობის წინ ასფალტზე აწვენენ. დემონსტრანტების თავზე სირიის თავისუფლების არმიის დროშები ფრიალებს „ალეპოს ხსოვნის აღსანიშნავად

 მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ლიდერებმა, საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა უკვე დაგმეს მომხდარი. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიიპ ერდოღანმა გუშინვე დაურეკა ვლადიმერ პუტინს, ხოლო თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მევლუდ ჩავუშოღლუ მოსკოვში ჩავიდა.

 „ჩადენილი დანაშაული – ეს უთუოდ პროვოკაციაა, რომელიც მიმართულია რუსეთ–თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციისა და სირიაში მშვიდობიანი პროცესის ჩაშლისკენ, რომელსაც აქტიურად ახორციელებენ რუსეთი, თურქეთი, ირანი და სირიის კონფლიქტის დარეგულირებით დაინტერესებული სხვა ქვეყნები. ამის პასუხი ერთადერთი შეიძლება იყოს – ტერორიზმთან ბრძოლის გაძლიერება და ბანდიტები ამას საკუთარ თავზე იწვნევენ“ – ასე შეაფასა რუსეთის ელჩის მკვლელობა პრეზიდენტმა პუტინმა, ხოლო რფ–ის საგამოძიებო კომიტეტის ჯგუფმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა და ანკარაში გაფრინდა.

 ქართული საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმი“ ღრმა სამძიმარს უცხადებს რუს ხალხს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტსა და მთავრობას, ანდრეი კარლოვის ნათესავებს, ახლობლებსა და თანამშრომლებს.