სამართალი
გიორგი მღებრიშვილი: ადამიანს, რომელიც თვითონ უნდა იცავდეს წესრიგს და არღვევს კანონს, კანონი უმკაცრესად დასჯის

  საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა „იბერიის“ ჟურნალისტ გიორგი გასვიანის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომელიც პოლიციის თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებს.

 როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, თუ დადასტურდა ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, პოლიციელი, რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან გათავისუფლდება და მის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციები იქნება გამოყენებული.

 „მე მას არავითარ შემთხვევაში არ გადავეფარები. თუ თქვენ გადახედავთ ჩემს ე.წ. ბექგრაუნდს, ვერავინ მეტყვის, რომ მე ოდესმე ჩემს რომელიმე თანამშრომელს სუბიექტურად გადავეფარე და ხელი შევუწყვე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მიჩქმალვაში”, - განაცხადა მღებრიშვილმა.

 ტელეკომპანია "იბერიის" ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ამბობს, რომ ბორჯომში ყოფნისას მოლიპულ გზაზე მანქანა მოუცურდა, რასაც შეესწრნენ საპირისპირო მხარეს ავტომანქანით მოძრავი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები, მათ შორის ერთ-ერთი პოლიციელი. ჟურნალისტი ამბობს, რომ ისინი დაბრუნდნენ, მაგრად ცემეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა გაიგეს, რომ ის ჟურნალისტი იყო, ხოლო პოლიციელმა მიხეილ ხუციშვილმა საფეთქელზე იარაღიც კი მიაბჯინა.