აქტუალური
ირაკლი სესიაშვილი: უნდა ვიცოდეთ, პრეზიდენტი ავირჩიეთ თუ პოლიტიკური ორგანო, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციადაა ჩამოყალიბებული

  საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გამოვიდა და საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, მაშინვე გამიჩნდა კითხვა - რატომ?! - აღნიშნა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა 2030-ში.

 „პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი, ვინც ტელეეკრანებიდან გვესაუბრება,  სიტყვა ჩვენ-ხმარობს - ჩვენ მიგვაჩნია, ჩვენ გადავწყვიტეთ. ვერ გავიგე, ეს ჩვენ ვინ არის?! მე ვიცი, ვინ არის გიორგი მარგველაშვილი. ის საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის ინსტიტუტის სიმბოლოა, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია. თუ ჩვენ არა პრეზიდენტი, არამედ  პოლიტიკური ორგანო ავირჩიეთ, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციადაა ჩამოყალიბებული, ეს უნდა ვიცოდეთ“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

 როგორც მან აღნიშნა, კომისიაში, ერთი მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ მიდის, რათა წინააღმდეგობა გაწიონ. მეორე მხრივ კი, პრეზიდენტი ამბობს, რომ კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებს მაშინ, როცა მისი ინტერესი უნდა იყოს, ქვეყანას მაქსიმალურად კარგი კონსტიტუცია ჰქონდეს, რადგან კონსტიტუციის გარანტია თავად არის.

 „თუ პრეზიდენტი რისკს ხედავს, რომ ცუდ ცვლილებებს განვახორციელებთ, პირიქით, პროცესში მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, პროცესში ჩაერთონ პოლიტიკური ძალები, ექსპერტები, კონსტიტუციონალისტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სხვები, რათა ქვეყანას კარგი კონსტიტუცია ჰქონდეს. ამ ვითარებაში კი ვხედავ პრეზიდენტს, რომელმაც პასუხისმგებლობას თავი აარიდა,  გვერდზე გაიწია და კრიტიკისთვის მეტი ნიში დაიტოვა. წარმოუდგენელია, პრეზიდენტი ასეთ მნიშვნელოვან საქმეს ბოიკოტს უცხადებდეს. ჩვენი პარტნიორი ქვეყნები რას იფიქრებენ?!“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.