საზოგადოება
თამარ ხულორდავა: ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი იყო ერთადერთი ბარიერი, რომელიც გვაშორებდა უვიზო მიმოსვლის მიღების შესაძლებლობას

  საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ გადაცემა 2030-ში განაცხადა.

 „ვიზალიბერალიზაციისთვის დადგენილი ყველა წინაპირობა გაწერილია ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში. ეს გეგმა საქართველოს გადმოეცა 2013 წლის თებერვალში. უკვე 2015 წლის დეკემბერში კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა. მაგრამ ამას  დაემთხვა გარკვეული პროცესები. ვიცით, რა პროცესები მიდის ახლო აღმოსავლეთში, ვიცით, როგორი მიგრაციული კრიზისი განვითარდა და რამდენად შეეხო ეს ევროპას. აქედან გამომდინარეობს სწორედ გარკვეული სიფრთხილე, რასაც ჩვენ ვხედავდით. სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში  შეჩერების მექანიზმის ამოქმედება“, - აღნიშნა ხულორდავამ.  

 ამასთან, ხულორდავას განმარტებით, უვიზო მიმოსვლით საქართველოს ყველა მოქალაქე ისარგებლებს, ვისაც აქვს ბიომეტრიული პასპორტი, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ უვიზო მიმოსვლა არ გულისხმობს ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას.

 „თუ ძალიან გახშირდა დარღვევები, თუ ჩვენი მოქალაქეები დარჩნენ, ეს იქნება საფუძველი სწორედ ამ სიკეთის შეჩერებისთვის. ამიტომ ჩვენმა მოქალაქეებმა წინასწარ უნდა იცოდნენასე ვთქვათ, სიმწრით მოპოვებული შეღავათი რას გულისხმობს. თავისუფალი მიმოსვლა ევროპასთან არ უნდა დავკარგოთ“, - განაცხადა ხულორდავამ.

 რაც შეეხება იმ ხალხს, ვინც უკვე იმყოფება ევროკავშირის ქვეყნებში, როგორც ხულორდავამ განმარტა, საქართველოს უკვე დიდი ხანია, ევროკავშირთან რეადმისიის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

 „რეადმისიის ხელშეკრულება სწორედ იმას გულისხმობს, რომ იმ ადამიანების მიმართ, ვისი დაბრუნებაც ხდება სამშობლოში, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, გარკვეული სერვისები განახორციელოს, მათ რეინტეგრაციას ხელი შეუწყოს. ეს ვალდებულებები ჩვენ უკვე გვაქვს და ამას ჩვენი ქვეყანა ასრულებს. ანუ ამ მხრივ არაფერი იცვლება იმ ხალხისთვის, ვინც უკვე იქ არის, რადგან ეს ხელშეკრულება უკვე რამდენიმე წელია, მოქმედებს“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ გადაცემა 2030-ში.