პოლიტიკა
ეს არის წარმატება უამრავი ადამიანის ერთობლივი შრომის და ჩვენი ძალიან ბევრი მეგობრის უდიდესი დახმარებისა და თანადგომის!" – პრემიერი კვირიკაშვილი

  საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. "მიღებული იქნა გადაწყვეტილება ე. წ. შეჩერების მექანიზმის თაობაზე საბოლოო შეთანხმების შესახებ და შეიძლება ითქვას, რომ დარჩა ევროპარლამენტის საბოლოო კენჭისყრა, რომლის შემდეგ, ფაქტობრივად, ჩვენი მოქალაქეებისთვის აინთება მწვანე შუქი ვიზის გარეშე ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისთვის, რაც არის ძალიან დიდი წარმატება და მინდა, მოგილოცოთ ყველას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიზნესასოციაციის ოფისის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესასოციაციის წევრებს თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი, ევროპული სტანდარტების ახალი ბიზნესცენტრის  გახსნა მიულოცა.

 „დიდი იმედი მაქვს, რომ ამ სივრცეში მიღებული იქნება  არაერთი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელთა შედეგად შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, დაიწყება ახალი საინვესტიციო პროექტები. ჩვენ ძალიან დიდი წარმატება გველოდება წინ, ძალიან მნიშვნელოვან სიახლეებს უნდა ველოდოთ  უახლოეს მომავალში – სრულიად ახალ, ძალიან მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც მთლიანად შეცვლის ქვეყანას უკეთესობისკენ და რომლებიც იქნება ნამდვილი გარღვევა ეკონომიკური განვითარების კუთხით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.