პოლიტიკა
საქინფორმის ვერსია დასტურდება: პრემიერ კვირიკაშვილის შეხვედრა დიდი ბრიტანეთის პარლამენტთაშორის ჯგუფთან საქართველოს საკითხებში

  საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობის ძირითადი საკითხები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

 გიორგი კვირიკაშვილმა სტუმრებს საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგი და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო.

 დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში.

 შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. საუბარი შეეხო საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს და აღინიშნა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების დიდი წვლილი.

 P.S. ინგლისელების მიერ საქართველოთი უცაბედად დაინტერესების მიზეზი საქინფორმმა რამდენიმე ბოლო პუბლიკაციაში განმარტა. 5 დეკემბერს გამოქვეყნდა საქინფორმის ანალიტიკური პუბლიკაცია „აშშ–ს კავკასიაში დიდი ბრიტანეთი შეცვლის – CSSF-ის გეგმები საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში“სადაც, კერძოდ, ნათქვამია, რომ აშშ–ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, იმის შიშით, რომ პუტინი დაუმეგობრდება ტრამპს და ამერიკელები საქართველოდან წავლენ, დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა, საქართველო თავისი გავლენის სფეროში წინასწარ მოაქციოს.

 საქინფორმის ვარაუდი გამართლდა: იმავე დღეს თბილისში დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის წევრები ჩამოვიდნენ.  დელეგაციის წევრები პირისპირ გაესაუბრნენ პარლამენტის თავმჯდომარეს და “ქართული ოცნების დეპუტატებს, ასევე შეხვდნენ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და საპარლამენტო უმცირესობის წევრებს.

 საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ინგლისელი პარლამენტარების ვიზიტს წინ უძღოდადიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის ამერიკისა და ევროპის საქმეებში, სერ ალან დუნკანის ვიზიტი ბრიტანეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების დელეგაციის სათავეში – საქართველოს ხელისუფლებასთან უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ დასამყარებლად. რამდენიმედღიანი მუშაობის შემდეგ ხელი მოეწერა ერთობლივ კომუნიკეს, სადაც დაფიქსირებულია საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში“.