აქტუალური
მარტო ღმერთის იმედი გვაქვს! – ტრაილერების მძღოლები იღუპებიან და დახმარებას ითხოვენ (საქინფორმი)

  საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. დიდთოვლობის, ქარბუქისა და ლიპყინულის გამო საქართველოს გზებზე რამდენიმე მიმართულებით მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული.

 ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ1-კმ50მონაკვეთში, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ27–კმ193 (ნატახტარი-ზესტაფონი) მონაკვეთზე, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის კმ1-კმ106 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და აღნიშნულ მონკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

 ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის  კმ36-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ87-კმ106 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

 ქარბუქისა და ლიპყინულის გამო ლარსის საკონტროლო–გამშვები პუნქტის ქართულ მხარეზე წარმოიქმნა რუსეთის საზღვარგადმოკვეთილი ტრაილერების დიდი რიგი, რომლებსაც საქართველოს საპატრულო პოლიცია მოძრაობის გაგრძელების უფლებას არ აძლევს („ნებადართულია მხოლოდ მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილება“, – განუცხადა მედიას საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა). „დღეს მე–11 დღეა, ჩვენ გვითავდება საკვები, საწვავი და ფული, ბევრი ავად არის, ერთი მძღოლი გარდაიცვალა, ბევრს ფილტვების ანთება აქვს, წამლები არ არის, ხელისუფლებას კი ჩვენი ბედი არ აღელვებს... გზები უნდა გაიწმინდოს, სპეცტექნიკა კი არ ჩანს... მარტო ღმერთის იმედი გვაქვს! თქვენ ზღაპრული ბუნება გაქვთ, განა კარგია, რომ ჩვენს შემდეგ აქ ნაგვის გორები რჩება?!“ – უცხადებენ ქართულ მედიას ტრაილერების აღშფოთებული მძღოლები.