აქტუალური
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები თავდაცვისა და უსაფრთხოების თემაზე მაიკლ კარპენტერთან გამართულ დისკუსიას დაესწრნენ

  საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამართულ ღია დისკუსიას დაესწრნენ.

 „საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა - დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერება“ იყო თემა, რომელზეც სპეციალურად მოწვეულმა სპიკერმა, ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებთან ისაუბრა.

 შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კითხვები შეეხებოდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსულ პროპაგანდას, რეგიონულ უსაფრთხოებას, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სთან გაფორმებულ მემორანდუმს.

 ღია დისკუსიას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელიც დაესწრნენ. შეხვედრა სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში გაიმართა.