საზოგადოება
ჩაჩუა გამართლდებოდა თუ გამტყუნდებოდა, ამით არ იცვლებოდა ზურას გარდაცვალების გარემოებები! - გოგლა ჟვანია

  საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ექსპერტ ლევან ჩაჩუას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი ძალაში დარჩა, გარდაცვლილი პრემიერ–მინისტრის ძმა გოგლა ჟვანია ეხმაურება.

 „ჩაჩუას დასკვნაში უწერია, რომ თავის ქალა (ტრეპანაციის დროს – საქინფორმი) არის სუფთა, ამ დროს ამ დოკუმენტებში (ამჟამად კიევში მიმალვაში მყოფი საქართველოს მაშინდელი გენპროკურორი მურთაზ ზოდელავას პირად სეიფში აღმოჩენილი  ჟვანიას სიკვდილის საქმიდან, სადაც გაკვეთის მრავალსაათიანი ვიდეოჩანაწერი არსებობს – საქინფორმი) აშკარად ჩანს, რომ როგორც მინიმუმ, სუფთა არ არის. ანუ, სიტყვა სუფთა არ უნდა დაეწერა. რატომ ვერ მოხდა ამ მტკიცებულებების გაზიარება სასამართლოს მიერ, ვერ გეტყვით. მე ჩაჩუას პროცესს არასდროს დავსწრებივარ, ეს არ არის ჩემთვის პრიორიტეტი, იმიტომ რომ ჩაჩუა გამართლდებოდა თუ გამტყუნდებოდა, ამით არ იცვლებოდა ზურას და უსუპოვის გარდაცვალების გარემოებები. ჩაჩუა ჩაერთო საქმეში მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღარც ზურა იყო ცოცხალი და აღარც უსუპოვი და ახლა ის გამოიჩენდა გულგრილობას (ვიდეოში ჩანს, რომ ის იწერს გვამის აღწერას სხვა ექსპერტების სიტყვებზე დაყრდნობით ისე, რომ თავად გვამს არც მიახლოებია – საქინფორმი) თავისი ექსპერტიზის დროს თუ არ გამოიჩენდა, ამით არაფერი არ იცვლება იმ გარემოებებში, რამაც გამოიწვია ზურას და უსუპოვის გარდაცვალება", - აცხადებს გოგლა ჟვანია.