აქტუალური
რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციით იმ სფეროებში, რომლებშიც ამისთვის მზადაა ქართული მხარე (რფ-ის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფციიდან)

  საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა. კონცეფციის ახალი ვერსია სამართლებრივი ინფორმაციის ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი არ შეეგუება მასზე სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური ან სხვა სახის ზეწოლის განხორციელების მცდელობას.

ამასთან, რუსეთი იტოვებს უფლებას, ხისტად მოახდინოს რეაგირება არამეგობრულ ქმედებებზე, მათ შორის ნაციონალური თავდაცვის გაძლიერებისა და სარკისებრი ან ასიმეტრიული ზომების მიღების გზით.

38-გვერდიან დოკუმენტში საქართველოცაა ნახსენები. რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციით იმ სფეროებში სადაც ამისთვის საქართველოც მზადაა, თუმცა აქვე წერია, რომ რუსეთი განაგრძობს მუშაობას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებისთვის.

ახალი კონცეფციის თანახმად, რუსეთი დაინტერესებულია აშშ-სთან ურთიერთმომგებიანი ურთიერთობების არსებობით, თუმცა აღნიშნულია, რომ დიალოგის განვითარება მხოლოდ თანასწორი უფლებების, ინტერესების ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობის საფუძველზეა შესაძლებელი.

საგარეო კონცეფციაში დიდი ადგილი უკავია ნატოსა და შეერთებულ შტატებს. მოსკოვი ალიანსთან მზად არის პარტნიორობისთვის, თუ ეს თანასწორუფლებიანი იქნება.

აქვე რუსეთი უკმაყოფილებას გამოთქვამს, ნატოს გაფართოებისა და მის საზღვრებთან ახლოს ამერიკის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განთავსების გამო. მოსკოვი იტოვებს უფლებას ამ საფრთხის ადექვატურად იმოქმედოს.