პოლიტიკა
ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ მანფრედ ვებერს შეხვდა

  საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ძირითადი საკითხები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა  ევროპარლამენტთან უფრო ინტენსიური დიალოგისა და ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების პროცესში ევროპარლამენტის აქტიური წვლილის მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტს საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის მინიჭების პროცესში ურყევი მხარდაჭერისთვის.

 ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს მთავრობა განუხრელად ახორციელებს ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის კურსს. მანვე იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებს მიეცემათ მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის საშუალება.

 გიორგი კვირიკაშვილმა მანფრედ  ვებერს საქართველოს სწრაფი განვითარების 4-პუნქტიანი გეგმა გააცნო, რაც ითვალისწინებს ეკონომიკურ რეფორმას, პროფესიული განათლების სისტემის შექმნას, ქვეყნის სივრცით მოწყობას და მმართველობის რეფორმას.

 შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონის უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე.