პოლიტიკა
რუსეთს განვიხილავთ, როგორც პოტენციურად კარგ მეზობელს მას მერე, რაც საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აღდგება - მარგველაშვილი

  საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი.  საქართველოს პრეზიდენტმა სააგენტო “როიტერისთვის” მიცემულ ინტერვიუში საქართველოს საგარეო ურთიერთობებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო აპირებს, შეინარჩუნოს მეგობრული ურთიერთობა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან და შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს ორივე პარტიის წარმომადგენლებთან.

 მან რუსეთთან ურთიერთობაზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ საქართველო ცდილობს, მოსკოვთან დიალოგი რაციონალური დისკუსიის ფორმებში ჰქონდეს და არ მისცეს ომის არცერთ მონაწილე მხარეს საშუალება, რომ საქართველო რაიმე პროვოკაციაში აიყოლიოს. მან საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას "რუსეთის მიერ ისტორიულად უსამართლო ნაბიჯი" უწოდა, რომელთან შეგუებასაც, მისი თქმით, ქართველი საზოგადოება და მთავრობა არ აპირებს.

 გიორგი მარგველაშვილმა ინტერვიუში წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ ყველა ვალდებულების შესრულების მუხედავად, საქართველო ჯერ ისევ ვერ იღებს ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლას.

 "დონალდ ტრამპთან ჩვენი დღის წესრიგი იგივე რჩება. გვინდა, რომ საქართველო ვაშინგტონის რადარებზე ფიქსირდებოდეს. შეერთებულ შტატებთან გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა. რაც შეეხება ევროკავშირს, მიგვაჩნია, რომ მათი მხრიდან ფიქრისა და შეფასებების ფაზა უნდა დასრულდეს და გადავიდნენ აქტიურ დღის წესრიგზე საქართველოსთან. რუსეთთან მიმართებაში კი გვინდა, დიალოგს რაციონალური სახე ჰქონდეს და შევინარჩუნოთ მშვიდობა. რუსეთს განვიხილავთ, როგორც პოტენციურად კარგ მეზობელს მას მერე, რაც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდება", - განაცხადა გიორგი მარგევლაშვილმა.