უცხოეთი
უკრაინის პროკურორმა ვიქტორ იანუკოვიჩი სახელმწიფო ღალატსა და რუსეთის აგრესიის ხელშეწყობაში ეჭვმიტანილად ოფიციალურად გამოაცხადა

  საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ ვიქტორ იანკოვიჩი სახელმწიფო ღალატსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის  აგრესიის ხელშეწყობაში ეჭვმიტანილად ოფიციალურად გამოაცხადა.

 შესაბამისი განცხადება ლუცენკომ კიევის რაიონულ სასამართლოში გააკეთა, სადაც ვიდეოკავშირის საშუალებით დონის როსტოვიდან ვიქტორ იანუკოვიჩის დაკითხვა მიმდინარეობს.

 ლუცენკოს თქმით, ვიქტორ იანუკოვიჩს ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, შესაბამისი დოკუმენტი კი ექსპრეზიდენტის ადვოკატს გადასცეს, რომელიც კიევის სასამართლოში იმყოფება. ასევე შეტყობინებები დაგზავნილია იანუკოვიჩის ყველა მისამართზე.

 “როგორც გენერალური პროკურორი მივმართავ ვიქტორ იანუკოვიჩს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-11 თავის 111- და 278- მუხლების შესაბამისად და გატყობინებთ, რომ თქვენ ეჭვმიტანილი ხართ სახელმწიფო ღალატში, რუსთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენელთა მიზანმიმართული ქმედებების ხელშეწყობაში, რაც მიმართული იყო უკრაინის ტერიტორიისა და სახელმწიფო საზღვრის შეცვლისკენ, უკრაინის კონსტიტუციის დადგენილი წესრიგის დარღვევისა და აგრესიული ომის წარმოებისკენ”,  - განაცხადა ლუცენკომ.

 უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვა 2014 წლის თებერვალში მაიდანზე აქტივისტების დახვრეტის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

 იური ლუცენკო არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილად შესაძლოა, ასევე ყოფილი პრემიერი ნიკოლაი აზაროვი გამოცხადდეს.