საზოგადოება
ვასილ მაღლაფერიძე: ვანო მერაბიშვილმა 7 ნოემბრის აქციის მონაწილეებზე თქვა, რომ არცერთი მათგანი არ უნდა დარჩენილიყო გაუფუჭებელი

  საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლოში მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე მოწმის სტატუსით დაიკითხა. მაღლაფერიძემ ჩვენების მიცემისას ისაუბრა 4 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მინისტრ ვანო მერაბიშვილთან გამართულ შეხვედრაზე.

 „შინაგან საქმეთა სამინისტროში შესვლისას კარებთან დამხვდნენ ზაზა გოროზია და დავით კირკიტაძე. ავედით, შევედით მერაბიშვილის კაბინეტში, იქ იყვნენ ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი, დათა ახალაია, გიგი უგულავა, აგრეთვე, რეგიონების გუბერნატორებიც. ასევე იყო ვინმე ამირანი, სავარაუდოდ, მესხელი. უგულავამ შემდეგ დატოვა ოთახი. თათბირზე ძირითადად საუბრობდა ვანო მერაბიშვილი, რეპლიკები ისმოდა ადეიშვილისგან და კეზერაშვილისგან. მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს ოპოზიცია ძალიან გაბლატავდა და რაც მოვიპოვეთ, უნდათ, 2-3 დღეში მიიღონო. მერაბიშვილმა თქვა, რომ კუდ- აქვს უკვე დავალებები მიცემული, არცერთი არ უნდა გავუშვათ გაულახავი, რადგან გალახული კაცი არის ჩმორიო", - განაცხადა მაღლაფერიძემ.

 მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე იყვნენ აგრეთვე აკაკი ბობოხიძე, გოგა ხაჩიძე და ზურაბ მელიქიშვილი. ასევე, თათბირის დროს ითქვა კეზერაშვილზე, რომ მიხედავდა ბიზნესმენებს, ხოლო სამართლებრივ საკითხებზე ნახსენები იყო გენერალური პროკურორის ადეიშვილის გვარი.

 „შეხვედრაზე ადეიშვილმა თქვა, რომ საკუთარ პოზიციას ბოლოს დააფიქსირებდა. მერაბიშვილმა თათბირის მონაწილეებს მიმართა, რომ თქვენ გყავთ ახლობლები, სპორტსმენები, მომღერლები, ზოგი დააშინეთ, ზოგი მოისყიდეთო. ისე უნდა იყოს, რომ ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს გაუფუჭებელიო - ეს იყო საუბარი მომიტინგეებზე“, - აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.