აქტუალური
ირმა ინაშვილი – გიორგი კვირიკაშვილს: თქვენც ისე აზროვნებთ, როგორც გიგა ბოკერია, რომლის გუნდმაც ბოლოს მთელი საქართველო აგენტებად გამოაცხადა

  საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ფრაქცია "პატრიოტების“ ლიდერი ირმა ინაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს დაუპირისპირდა.

 ირმა ინაშვილმა გააკრიტიკა კვირიკაშვილის პოზიცია, რომ იგი არ გამორიცხავს სტრატეგიულ  პარტნიორობას  „პატრიოტთა ალიანსთან“ იმ მიზეზით, რომ ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში მათი შეხედულებები ძირეულად განსხვავდება.

 „გამოდის, რომ თქვენ პარლამენტის ვიცე-სპიკერს ბრალს მდებთ იმაში, რომ მე ქვეყნის საწინააღმდეგო კურსს ვუჭერ მხარს. წარმოადგინეთ ერთი წინადადება მაინც, სადაც ჩანს, რომ ჩვენ მხარს არ ვუჭერთ ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციას. თქვენ, ბატონო გიორგი, არ უნდა აკეთებდეთ ასეთ განცხადებებს. მე კი არ გთხოვთ, მოვითხოვ, წარმოადგინოთ ერთი ციტატა მაინც ამის დამადასტურებელი. რატომ ფიქრობთ, რომ მარტო თქვენ გინდათ თქვენი შვილებისთვის დასავლური ღირებულებები და ირმა ინაშვილს არ უნდა? თქვენც ისე აზროვნებთ, როგორც გიგა ბოკერია, რომლის გუნდმაც ბოლოს მთელი საქართველო აგენტებად გამოაცხადა.  მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტი, რომელმაც შეაღო ნატოს კარი. მე არ ვიცი, სად იყავით თქვენ, როდესაც მე ჭუბერის გზაზე მოვდიოდი, სხვათა შორის, გიგა ბოკერიაც მოდიოდა იმ გზაზე, ობიექტურობისთვის უნდა ითქვას. თქვენ თქვით, რომ არ იქნებით „ალიანსის“ სტრატეგიული პარტნიორი.  მე გთხოვეთ თქვენ, რომ იყოთ ჩვენი პარტნიორი? აგერ არიან თქვენი პარტნიორები - გიგა ბოკერია და დავით ბაქრაძე“, -  მიმართა გიორგი კვირიკაშვილს ირმა ინაშვილმა და განაცხადა,  რომ მისი ფრაქცია მთავრობის შემადგენლობას მხარს ამიტომ არ უჭერს.

 ინაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ფრაქცია „პატრიოტების“ წევრებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვეს.