საზოგადოება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მოქალქეებს აფრთხილებს, არ ენდონ ვებგვერდს „შეამოწმე შენი მონაცემები“

  საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. ინტერნეტ სივრცეში ახალი ვებგვერდი - „შეამოწმე შენი მონაცემები“ -  გამოჩნდა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მოქალქეებს აფრთხილებს, არ შეასრულონ ამ საიტის ინსტრუქციები.

 „ვებგვერდი ცდილობს, დაგარწმუნოთ, რომ მათ ბაზაში მილიონზე მეტი დავირუსებული ანგარიშია და მათ შორის შეიძლება, თქვენიც იყოს. ამის შესამოწმებლად კი თქვენგან ითხოვს სახელის და გვარის, საბანკო ბარათის ნომრის, მისი მოქმედების ვადის და CVC კოდის შეყვანას. ამ მონაცემების გამოყენებით თაღლითებმა შესაძლოა სხვადასხვა სახის ზიანი მოგაყენონ, მაგალითისთვის, თქვენს ნაცვლად იყიდონ ნივთები ონლაინ მაღაზიებში.

 მსგავსი სახელწოდების გვერდი ინტერნეტ სივრცეში რამდენიმე თვის წინაც გამოჩნდა და მალევე დაიბლოკა შესაბამისი რეაგირების შედეგად. თუმცა როგორც ჩანს ინტერნეტ-თაღლითები ისევ ცდილობენ მოქალაქეების პერსონალური მონაცემების მოპოვებას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გირჩევთ, არ ენდოთ ამ და მსგავს ვებგვერდებს და არ ჩააგდოთ საფრთხეში თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება”,- ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიმართვაში.