პუბლიკაციები
ჯუმბერ კირვალიძე : ეს მოდელი არის ის მაქსიმუმი, რომლის განხორციელება ჯერ კიდევ შესაძლებელია!

  პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ხელისუფლებას აფხაზებისა და ოსების დაბრუნების მოდელს სთავაზობს, რომელიც რუსეთის პირველ პირთან – პრეზიდენტ პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებებს ითვალისწინებს, ხოლო ამ მოლაპარაკებებში დასავლეთის მეგობარ სახელმწიფოებს შუამავლის სტატუსი ექნებათ.

 „კირვალიძის მოდელის“ მიხედვით, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შექმნას სპეციალური სახელმწიფო კომისია, რომელიც ახალი სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე იქნება ორიენტირებული და დასავლეთის ჩართულობით ოკუპანტ რუსეთს პარტნიორად მოიაზრებს. საქართველო ფედერალურ სახელმწიფოდ უნდა მოეწყოს, სადაც სამხედრო ნეიტრალიტეტი კონსტიტუციური მუხლებით იქნება დაცული, თუმცა საქართველოს ფედერაცია ერთგული დარჩება ევროკავშირთან დადებული ასოცირებული ხელშეკრულების და მასში საბოლოო ინტეგრირების.

 “13 ოქტომბერს მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან აპირებს გააფორმოს „ახალი“ ხელშეკრულება, - “მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის“შესახებ” და უკვე 24 ნოემბერს, ხელი მოაწერეს ქ.სოჭში რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერმა ხაჯიმბამ. დიახ, ვითარება იძაბება, რადგან ამ ხელშეკრულებაში (მისი განხილვა ამ სტატიის მიზანი არ არის) შემავალი პარაგრაფები, აშკარად ატარებენ მცოცავი ანექსიის ნიშნებს! საქართველოს მხრიდან, მხოლოდ დასავლეთის „არაღიარების“ პოლიტიკის იმედად ყოფნა, ანდა საერთაშორისო სამართლებრივ ასპარეზზე რუსეთის მისამართით მხილება და ჩივილი, პოლიტიკური თვალსაზრისით არაფრისმომტანი იქნება! საჭიროა ვიფიქროთ ალტერნატიულ და თუ გნებავთ, არაორდინალურ ხედვებზე და გადაწყვეტილებებზე. ჩემს მოსაზრებაში და ხედვაში, რომელზეც ქვევით მექნება საუბარი ბევრი ისეთი დეტალია, რომელსაც ფრთხილი მიდგომა და ღრმა ანალიზი ჭირდება. ამ თემაში ჩაუხედავი და გაუთვითცნობიერებელი ადამიანებისათვის გაუგებარი და ალბათ მოულოდნელიც იქნება ეს და ამიტომ, მისი კითხვით ნუ შეიწუხებენ თავს.

 მოკლედ, დაუბრუნდეთ თემას. ოქტომბრადე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ არაა გამორიცხული აფხაზეთთან და ოსეთთან მიმართებაში პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალოს, მთავარია, – "საქართველომ ოსები და აფხაზები დაარწმუნოთ, რომ - ფედერაციაში ან კონფედერაციაში ყოფნა საქართველოსთან უკეთესი იქნება მათთვის, ვიდრე დამოუკიდებლადო". რუსებს მიაჩნიათ, რომ საქართველო არასდროს აღიარებს აფხაზეთს და ე.წ სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. თბილისში ვერავინ გაბედავს ამის გაკეთებას და ეს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა რამდენჯერმე გაიმეორა, – "მე მესმის, რომ საქართველო არასოდეს აღიარებს ამ ტერიტორიებს, მაგრამ რუსეთიც ვერ წაიღებს უკან მათ "აღიარებებსო". – მიმაჩნია, რომ კარასინის ეს განცხადება განპირობებულია საერთაშორისო გეოპოლიტიკური კონტექსტის გამწვავებით, რომლის მთავარი მიზეზი უკრაინის კრიზისი გახლავთ.

დღეს, რუსეთის მთავარი პრობლემა არის ყირიმის ანექსიის "გაპრავება" თუ არა, ევროპასთან ამ პრობლემის განხილვის ხანგრძლივ პერსპექტივაში "გადატანა" და აქედან გამომდინარე, რუსეთი შესაძლებელია გარკვეულ კომპრომისზე წამოვიდეს საქართველოსთან მიმართებაში. ამიტომ, შეცდომაა ქართველი პოლიტისტებლიშმენტის მხრიდან ყირიმის ანექსიის მიბმა, აფხაზეთის და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციის საკითხებთან, რადგანაც, რუსეთისთვის ისინი სხვადასხვა სირთულეების და მნიშვნელობის პრობლემებია . მაგალითად, – რუსეთი ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნებაზე არასოდეს დათანხმდება, რადგანაც ყირიმს რუსეთი მიიჩნევს თავის ისტორიულ რეგიონად! ხოლო, აფხაზეთთან და ე.წ. „სამხრეთ ოსეთთან“ მიმართებით რუსეთს ასეთი დამოკიდებულება არა აქვს, ამიტომ ამ საკითხებზე დიალოგზე წამომსვლელია (რუსეთი დასავლეთთან კომპრომისებზე წამსვლელია იმის დასამტკიცებლად, რომ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე შეიძლება მასთან შეთანხმება და ამით უნდა ვისარგებლოთ ჩვენ!)!.. ამას ადასტურებს კარასინის ფრაზა და როგორც ჩანს, რუსეთი საქართველოს "კონფედერაციულ მოწყობაზე „კბილს გვისინჯავს"... რუსეთის ამ წინადადებაზე დათანხმება, საქართველოსგან უნდა გამოირიცხოს, ეს პოლიტიკურ–სამართლებრივი არქაიზმია და ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის დამღუპველი იქნება, რადგანაც კონფედერაციის პირობებში მასში შემავალ სუბიექტებს ნებისმიერ დროს რეფერენდუმის ჩატარების გზით შეეძლებათ იქიდან გასვლა! სავარაუდოდ, რუსეთი მაინც ეცდება კონფედერაციული „ინტეგრაციული პროექტის“ შეთავაზებით, საქართველო "სამ სუბიექტიან კონფედერაციულ სახელმწიფოდ გააერთიანოს“ და გახდეს – „საქართველოს კონფედერაციის ურღვევობის ერთადერთი გარანტი“, რითაც რუსეთი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავლენას საბოლოოდ აღადგენს! მოსკოვის გეგმით, „კონფედერაციის“ განხორციელება შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, თუ თბილისი სოხუმის და ცხინვალის „დამოუკიდებლობებს აღიარებს", ხოლო ამის შედეგად ეს სამი სუბიექტი – საქართველო, აფხაზეთი, „სამხრეთ ოსეთი“ – „კონფედერაციულ სამ სუბიექტიან სახელმწიფო შეთანხმებას დადებენ“, რუსეთის შუამავლობით! ეს კი ნიშნავს, საქართველოს სუვერენიტეტის და სახელმწიფოებრიობის სრულ ნიველირებას და პროფანაციას, რაც კატეგორიულად დაუშვებელია! იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვის ეს გეგმა თბილისმა არ მიიღო და განაგრძო ჩრდილო–ატლანტიკურ ალიანსში (ნატო) ინტეგრირებისაკენ სვლა, მაშინ რუსეთის სტრატეგიული მიზანი იქნება აფხაზეთის რუსეთთან მიერთება (ანექსია). საქმე ის არის, რომ ასეთ ვითარებაში საქართველომ, ან რუსეთთან, ან აფხაზებთან უნდა შეძლოს „ცალ–ცალკე“ მოლაპარაკება, იმიტომ, რომ „ორივესთან ერთად“ ეს შეუძლებელია, რადგანაც, ამ შემთხვევაში ისინი „ერთ პოზიციაზე დგანან“ და ჩვენს ინტერესებს ერთად უპირისპირდებიან!.. საქართველომ უნდა ააგოს თავისი სტრატეგია – იმ წინააღმდეგობებზე, - რაც რუსებს და აფხაზებს ერთმანეთის მიმართ აქვთ! მოკლედ, ფაქტობრივი ვითარება ისეთია, რომ საქართველოსთვის აფხაზებთან მოლაპარაკება შეუძლებელია, აფხაზების შეურიგებელი და უკომპრომისო პოზიციების გამო, ხოლო რუსეთთან, საქართველოს მეტი შანსი აქვს მოლაპარაკების და კომპრომისის გზით – სასურველ შედეგს მიაღწიოს! ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედი გადაეწურა, მაშინ, შეიძლება – აფხაზეთის „დამოუკიდებლობის აღიარებით დაემუქროს“ რუსეთს (ამ შემთხვევაში, რუსეთი ვეღარ შეძლებს „დამოუკიდებელი“ აფხაზეთის ანექსიას), რაც რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება! საქმე ის გახლავთ, რომ რუსეთს აფხაზეთის „რეალური დამოუკიდებლობა“ არაფერში აწყობს, რადგანაც ამ ვარიანტში საქართველო კი დაკარგავს აფხაზეთს, მაგრამ რუსეთიც დაკარგავს მასზე კონტროლს და რაც მთავარია, უკვე ვეღარ მოახდენს აფხაზეთის მიერთებას, იმიტომ, რომ აფხაზეთი გახდება საერთაშორისო სამართლის სუბიექტი! მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში, სამხრეთ კავკასიაში ჩნდება ახალი პოლიტიკური მოთამაშე – დამოუკიდებელი აფხაზეთის სახით, რომელიც, თუ რომელ სტრატეგიულ პარტნიორებს აირჩევს მომავალში, ძნელად საპროგნოზო არ არის... მოსკოვს კარგად ესმის, რომ საქართველოს მხრიდან აფხაზეთის „დამოუკიდებლობის აღიარების“ შემთხვევაში (პრინციპით – „არც მოსკოვს და არც თბილისს“), დასავლეთი (აშშ, ევროკავშირის სახელმწიფოები) მყისიერად აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, რასაც ლოგიკურად მოყვება – აშშ–ის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და სხვა ევროპული სახელმწიფოების მხრიდან, მათ შორის, მეზობელი თურქეთის მიერ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება დამოუკიდებელ აფხაზეთთან და დედაქალაქ სოხუმში, – დასავლეთის სახელმწიფოების საელჩოების გახსნა, რაც დამოუკიდებელი აფხაზეთის დასავლურ სამყაროში ინტეგრირების მომასწავებელი იქნება!.. ეს კი, კატეგორიულად ეწინააღმდეგება მოსკოვის გეგმებს სამხრეთ კავკასიაში, რადგანაც დასავლეთის მიერ აღიარებული დამოუკიდებელი აფხაზეთის შემდეგი ნაბიჯი გახდება ის, რომ დასავლეთში ინტეგრირებული აფხაზური საზოგადოება 1–2 წელიწადში დაბეჯითებით მოითხოვს რუსული სამხედრო ბაზების გაყვანას დამოუკიდებელი აფხაზეთის ტერიტორიიდან, რასაც მთელი დასავლური სამყარო დაუჭერს მხარს!.. ლოგიკურად, მოვლენების ასეთი განვითარება არ აწყობს, არც მოსკოვს და არც თბილისს, ამიტომ, კომპრომისი მათ შორის, აუცილებელი და შესაძლებელია!.. აფხაზეთი, თუ "რეალურად დამოუკიდებელი" გახდა (აფხაზეთის ანექსიის საწინააღმდეგოდ, საქართველოს მიერ აფხაზეთის "დამოუკიდებლობის აღიარების“ ჩვენთვის და რუსეთისთვისაც მიუღებელი სცენარი!), მაშინ, რუსეთს საქართველოს „კონფედერაციული მოწყობის“ საკუთარი პროექტიც ჩაუვარდება და რუსების ძალისხმევაც აფხაზეთის ანექსიისაკენ ფუჭი გახდება! ამიტომ, საქართველოს ეძლევა იმის შანსი, რომ რუსეთს მათი „კონფედერაციული პროექტის“ სანაცვლოდ, საკუთარი გეგმა–მოდელი შესთავაზოს!! ასე რომ, მოსკოვს მოუწევს თბილისთან კომპრომისზე წამოსვლა, ისევე, როგორც თბილისს მოუწევს კომპრომისის მონახვა მასთან, რადგანაც მოსკოვის მხრიდან აფხაზების „დარწმუნების და ზემოქმედების“ გარეშე, აფხაზები არ დათანხმდებიან საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნებას, რადგანაც აფხაზებს რუსეთში „შესვლაზე“ მეტად, არ უნდათ საქართველოში „დაბრუნება“ და ეს კარაგად უნდა გავაცნობიეროთ ქართველებმა, თუ გვინდა ქვეყნის გამთლიანება!.. მოკლედ, თბილისი და მოსკოვი უნდა შეთანხმდნენ ისეთ კომპრომისულ მოდელზე, რომელიც იქნება საქართველოს და რუსეთის სახელმწიფოებრივ ინტერესებში, სადაც – აფხაზთა ეროვნული, თვითმყოფადი ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული, ორივე სახელმწიფოს მხრიდან!!

დიახ, აფხაზების მნიშვნელოვან ნაწილს არ სურს რუსეთში “შესვლა” და 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთისგან ნაბოძებ ეფემერულ “დამოუკიდებლობას იცავს“, მაგრამ, აფხაზთა “დასარწმუნებლად და მოსარჯულებლად” რუსეთს არაერთი ბერკეტი გააჩნია, მაგალითად ის, რომ რუსები დააყენებენ აფხაზებს არჩევანის წინაშე, – ან რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა, ან კიდევ “ერთი-ერთზე დარჩენა საქართველოსთან“! აი, ამ შემთხვევაში კი, აფხაზებისთვის “დამოუკიდებლობის” შენარჩუნების შანსი რუსების დახმარების გარეშე – ნულის ტოლია! ხოლო, კითხვაზე, თუ სად ურჩევნიათ აფხაზებს “ყოფნა” – რუსეთის თუ საქართველოს შემადგენლობაში, მაშინ, აფხაზთა უდიდესი უმრავლესობა აირჩევს რუსეთს, ქართველების მხრიდან „რევანშის აღების“ და აფხაზეთში, – 250 ათასი ქართველი ლტოლვილის დაბრუნების შიშით! ასე რომ, ყველა ამ არგუმენტების გათვალისწინებით კომპრომისის მოძებნა საქართველო–რუსეთს შორის, არის გონივრული საშუალება „აფხაზური კვანძის“ გახსნის, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მოსკოვი და თბილისი ვერ შეთანხმდნენ და ერთმანეთს „კრიჭაში ჩაუდგნენ“ (“არც მე და არც შენ“), მაშინ, მოგებული რჩებიან აფხაზი სეპარატისტები, რომლებსაც დიდი ალბათობით, შეიძლება „ხელში ჩაუვარდეთ“ – საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ „აღიარებული დამოუკიდებლობა“ (დასავლეთში, სიმპატიით აღნიშნავენ აფხაზთა „ურჩობის მცდელობას“ მოსკოვის მიმართ)! საქართველოს ნატოში „მომავალში გაწევრიანების“ იმედით, თუ რუსეთთან კომპრომისული შეთანხმება არ შედგა, ცხადია, რუსეთი არასოდეს წამოვა იმაზე, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პარალელურად, ხელი შეუწყოს აფხაზეთის საქართველოში დაბრუნების პროცესს! რუსებმა კარგად იციან, აფხაზთა „სიძულვილი და შიშები“ ქართველების მიმართ და დარწმუნებულები არიან, რომ აფხაზები 1992–93 წწ. სისხლისმღვრელი ომის შემდეგ არასოდეს დათანხმდებიან რუსეთის საქართველოთი "ჩანაცვლებას" (როგორც ზოგიერთი ქართველი „ვაისტრატეგი“ ვარაუდობს). აფხაზები, დღესაც იმ ფატალური „პრინციპის და ფორმულის“ ერთგულები არიან, რომელსაც „ქადაგებდნენ“ ამ სამი ათეული წლის წინ, – „გვირჩევნია ზღვაში დავიხრჩოთ, ვიდრე ტბაშიო“! ანუ, როდესაც ქართველები აფხაზებს ეუბნებოდნენ (დღესაც ვეუბნებით), რომ აფხაზი ხალხის თვითმყოფადობას საფრთხე დაემუქრება, თუ აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში შევიდა, მაშინ აფხაზები ასიმილირებას ვერ გადაურჩებიან, ამის პასუხად აფხაზები ამბობდნენ, – „ჩვენ გვირჩევნია ზღვაში (ანუ, რუსეთში) დავიხრჩოთ, ვიდრე ტბაშიო (ანუ, საქართველოში)“! ვფიქრობ, რომ ახლა ყველასთვის გასაგებია, თუ რა სიძულვილი იყო დაგროვილი აფხაზებში ჯერ კიდევ ომამდე და რა გასაკვირია სისხლისმღვრელი ომის შემდეგ ეს გაუცხოება ქართველების მიმართ უფრო გაზრდილიყოს?! აფხაზებს, უწინარესად ქართველი დევნილების მასობრივად დაბრუნების შიში აქვთ, მით უმეტეს, თუ ეს მოხდება აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე!.. აფხაზებმა რუსების კარნახით, პოლიტიკური თვალსაზრისით გამონაკლისი დაუშვეს გალის რაიონისთვის, სადაც ქართველები ცხოვრობენ აბსოლუტურად გაუსაძლის და დამამცირებელ პირობებში, რადგანაც მუდმივად იმყოფებიან სეპარატისტების ძალმომრეობის ქვეშ!.. აფხაზებს ეშინიათ იმის, რომ აფხაზეთში 1992–93 წლების ომამდელი დემოგრაფიული მდგომარეობა არ აღდგეს, როდესაც ქართველები მოსახლეობის 44% – ს შეადგენდნენ, ხოლო, ყველაზე მეტად კი, აფხაზებს და ოსებსაც იმის შიში აქვთ, რომ ქართველებმა და რუსებმა – „ერთმანეთთან საერთო ენა არ გამოძებნონ“!

აფხაზები, ცოცხალი თავით არ დათმობენ "დამოუკიდებლობას", რაც არ უნდა „ევროპულად ვუმღერ–ვუცეკვოთ“, თუ მათზე "ზემოქმედება არ იქნება გარედან", ანუ რუსეთიდან. აფხაზები აცხადებენ, რომ – თუ საქართველოს აფხაზებთან ურთიერთობის აღდგენა სურს, მაშინ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას მოაწეროს ხელი. მათ მიაჩნიათ, რომ საკუთარი სახელმწიფო უკვე ააშენეს და საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს „ძმობის და დობის“ თაობაზე, აფხაზები ირონიით აღიქვამენ. არც საქართველოს „ეკონომიკური მიმზიდველობის“ გამო არ აპირებენ საკუთარი პოზიციების დათმობას, რომელიც დასავლეთის ფრთის ქვეშ ილუზიებით სავსე კარგი ცხოვრების დაპირებად მიაჩნიათ. მოკლედ, მხოლოდ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების დაპირებებით აფხაზებისა და ოსების ნდობის აღდგენის მცდელობა არაფრის მომცემია. რაც მთავარია, აფხაზების 99,% –ს, თავისი „უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის" გარანტად მხოლოდ რუსეთი მიაჩნიათ და აცხადებენ, რომ ეს მათი "თავისუფალი არჩევანია". ამ პოზიციას, ისინი საქართველოს მიერ დეკლარირებულ სტრატეგიას უპირისპირებენ „თავისუფალ არჩევანის“ შესახებ და ამბობენ, რომ თუ ქართველებს გაქვთ უფლება გქონდეთ თქვენი „თავისუფალი არჩევანი“, თუ ვისთან იმეგობროთ ან რომელ სამხედრო–პოლიტიკურ კავშირში გაწევრიანდეთ, მაშინ ჩვენც გვაქვს იმის უფლება, რომ ჩვენი „თავისუფალი არჩევანი“ გვქონდესო!.. ისინი გვსაყვედურობენ, რომ ქართველები არც კი კითხულობთ ჩვენს აზრს ამის შესახებ (2008 წლის 5 იანვრის პლებისციტის შედეგებს ეყრდნობით, რომელშიც მონაწილეობა არ მიგვიღია, არც აფხაზებს და არც ოსებსო) და ამავდროულად გინდათ, რომ საქართველოში „დაბრუნებაზე დაგთანხმდეთო“?! თქვენთვის თუ ნატოა უსაფრთხოების გარანტი, ჩვენთვის რუსეთიაო!.. მართლაც და, „ძმობას“ როცა ვახსენებთ მათ, მაშინ ისიც უნდა უთხრას ქვეყნის ხელისუფლებამ, რომ საქართველოს სახელმწიფოს „თავისუფალ არჩევანზე“ საუბრისას, აფხაზებს და ოსებს ვთავაზობთ ერთობლივი „წილობრივი მონაწილება მიიღონ თავისუფალი არჩევანის შემუშავებისას“, რაც თანამონაწილეებს გახდით მათ, ერთიანი სუვერენული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში!.. საქართველოს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ ის მდგომარეობაც, რომ მოსკოვი უკვე ხედავს აფხაზური საზოგადოების გარკვეულ სიმპატიებს, როგორც თურქეთის და იქ არსებული აფხაზური დიასპორის (ანტირუსულის!), ასევე აფხაზი ახალგაზრდობის ლტოლვას დასავლეთისაკენ, რაც დიდ შეშფოთებას იწვევს რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში. დიახ, რუსები "არხეინად ვერ არიან", რადგანაც საქართველოსთვის აფხაზეთის დაკარგვა (ჩვენთვის ყველაზე ცუდი სცენარი!), სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აფხაზეთი რუსეთს "გარანტირებულად ჩაუვარდება ხელში“, მაგრამ საქართველოსთვის ეს ვერაფერი ნუგეშია! დიახ, საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელ ამ სცენარს რომ მივყვეთ, ცხადი ხდება, რომ აფხაზეთის "რეალური დამოუკიდებლობა" რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებსაც დიდად დააზარალებს, რადგანაც რუსეთის გავლენა აფხაზეთში ჯერ განახევრდება, ხოლო თანდათან, კატასტროფული ტემპით ნულოვანი ნიშნულისკენ წავა, რადგანაც რუსეთი ვერც პოლიტიკურად და ვერც ეკონომიკურად თურქეთთან და მით უმეტეს დასავლეთთან კონკურენციას ვერ გასწევს!.. მოსკოვში, გონიერი რუსები ამას ხვდებიან, იმასაც, რომ აჩქარდნენ ჩვენი მხარეების „დამოუკიდებლობა" როცა "აღიარეს", მაგრამ, ამჟამად "სალდაფონი" რუსები, სამწუხაროდ უმრავლესობაში არიან, რომლებსაც აფხაზეთის ანექსია უკვე გადაწყვეტილად მიაჩნიათ!.. ამიტომაა სასწრაფო და აუცილებელი, რომ ყველაფრის გათვალისწინებით (რუსულ–აფხაზური ინტერესების წინააღმდეგობებები!) , საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთთან ჩართულობით შეადგინოს მოქმედების სტრატეგიული გეგმა–მოდელი და დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთის პირველ პირთან – პრეზიდენტ პუტინთან!.. საქართველოს ნატოსთან დაახლოება, მისი საწვრთნელი ცენტრების შექმნა ჩვენს ტერიტორიაზე, უსათუოდ გამოიწვევს რუსეთის საპასუხო რეაქციას. სავარაუდოდ, ეს იქნება რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის” და აფხაზეთის ანექსიისკენ გადაგმული ნაბიჯები, ანუ, მათი „თანდათანობითი, ნებაყოფლობითი შესვლა” რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში! აფხაზეთის შემთხვევაში, ამ მიმართულებით თუ რა სტრატეგია ექნება და აქვს რუსეთს, უკვე მოგახსენეთ, ხოლო, რაც შეეხება ე.წ. “სამხრეთ ოსეთს”, მასთან დაკავშირებით რუსეთს არანაირი გართულება არ შეხვდება. საქმე ის არის, რომ ცხინვალის რეგიონის ოსი ეროვნების მოსახლეობა “ორი ოსეთის, სამხრეთის და ჩრდილოეთის გაერთიანებაზე” დიდი ხანია ოცნებობს და ცდილობს დაარწმუნოს მსოფლიოს თანამეგობრობა, – “ორად გაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანების აუცილებლობაში”! ასე რომ, ოსების დიდი უმრავლესობა ერთსულოვანნი არიან ამ მიზნის მიღწევაში!..

დიახ, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ფაქტმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ „სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკა სასურველ შედეგს ვერ მოგვიტანს, მით უმეტეს, არც ის რიტორიკა გამოგვადგება, რომ საქართველომ - „საბოლოოდ და შეუქცევადად გააკეთა ესა თუ ის არჩევანი“ და იგი „გადახედვას არ ექვემდებარება“! ფაქტია, რომ ასეთი ხისტი სტრატეგიით დეოკუპაციის და ქვეყნის გამთლიანების ნაცვლად, რუსეთის მხრიდან ჩვენი ოკუპირებული რეგიონების ანექსიის საფრთხე იზრდება! ამ საფრთხეს ვერ გადაფარავს აბაშიძე – კარასინის ფორმატი, ან რიტორიკის შერბილება რუსეთთან, თუმცა ამ ფორმატმა თავისი დადებითი როლი უკვე შესრულა, საურთიერთობო ატმოსფეროს დათბობის კუთხით, ეკონომიკურ სარგებელზე აღარას ვამბობ. მაგრამ, ეს არ არის საკმარისი იმ მიზნის მისარწევად, რასაც ქვეყნის გამთლიანება ჰქვია. ძალზედ მნიშვნელოვანია ჟენევის ფორმატის არსებობა, მისი სპეციფიკის გათვალისწინებით, თუმცა ვერც ის გადაგვიწყვიტავს ჩვენს მთავარ პრობლემას, თუ ახალი, ალტერნატიული სტრატეგია არ იქნა შემუშავებული ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ, რაც შეთავაზებული იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისათვის და რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისათვის. იმის იმედად ყოფნა, რომ „დასავლეთის ზეწოლის შედეგად რუსეთი უკან დაიხევდა“, - არ გამართლდა და ეს ცხადად გამოჩნდა უკრაინის მაგალითზე, სადაც რუსეთის სტრატეგიული ინტერესების იგნორირებას, - ყირიმი „შეეწირა“! იგივე შეცდომები იქნა დაშვებული საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მიმართებით, როცა სააკაშვილის რეჟიმის მიერ წარმოებულ აგრესიულ რიტორიკას, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციით და ქვეყნის 2 რეგიონის „დამოუკიდებლობის აღიარებით“ დასრულდა! ცხადია, რომ დასავლეთი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების საქმეში, სწორედ დასავლეთის არაღიარების პოლიტიკის მეშვეობით შესაძლებელი გახდა აფხაზეთის და ე.წ. ‘სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარების“ პროცესის დაბლოკვა! მაგრამ, დასავლეთის მხრიდან „ზეწოლის იმედად“, – რუსეთს ოკუპაციაზე, ჩვენი რეგიონების „დამოუკიდებლობის აღიარებაზე“ და მოსალოდნელ ანექსიაზე ხელს ვერ ავაღებინებთ! რუსეთზე „ზეწოლამ“ შედეგი არ მოგვცა და მასთან მხოლოდ მოლაპარაკებაა შესაძლებელი, ეს დაადასტურა ყირიმის ანექსიამ! უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ვერ მოხდება რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის და პრაგმატული ორმხრივი კომპრომისების გარეშე ფართო კონსენსუსის საფუძველზე, - საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შენარჩუნების პირობებში! ვიმეორებ, საქართველოს ხელისუფლებამ, დიდ საერთაშორისო გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს უნდა შესთავაზოს გამჭვირვალე და კომპრომისული სტრატეგია, რადგანაც მათი გარანტორობის გარეშე შეუძლებელია საქართველოს ტერიტორიული პრობლემების საბოლოო მოგვარება!.. საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შექმნას სპეციალური სახელმწიფო კომისია, რომელიც ახალი სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე იქნება ორიენტირებული! ისეთი სტრატეგიის, - რომელიც დღეს, ქვეყნის ოკუპირებულ 20% -ს ანექსიისგან დაიცავს და ახლო მომავალში დეოკუპაციასაც შესაძლებელს გახდის! საქართველომ, დასავლეთის ჩართულობით ოკუპანტი რუსეთი პარტნიორად უნდა გადააქციოს!.. სწორედ ამიტომაა საჭირო რუსეთთან მოლაპარაკება, დიახ, პირველ რიგში რუსეთთან, რომელმაც ჩვენი 2 ავტონომიის "დამოუკიდებლობა აღიარა" და რომლის სამხედრო ძალის მეშვეობითაც (ოკუპაცია), აფხაზები და ოსები „ინარჩუნებენ მას“! რუსეთის მიერ, სეპარატისტულ რეგიონებზე ზემოქმედების და მითითების გარეშე, არც ოსი და არც აფხაზი (აფხაზები პირიქით, წინააღმდეგობასაც გაუწევენ რუსებს..) ერთიან საქართველოში დამბრუნებელი არ არის! დროს ნუ ვკარგავთ, რუსეთთან მოლაპარაკებას ალტერნატივა არა აქვს, ძალზედ სასურველია, რომ დასავლეთის მეგობარ სახელმწიფოებს შუამავლის სტატუსი ჰქონდეთ ქართულ-რუსულ მოლაპარაკებებში!..

ახლა კი, თავს უფლებას მივცემ ჩემი კონცეპტუალური ხედვა გაგიზიაროთ აღნიშნულ თემასთან და მის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. აღარ ჩამოვთვლი იმ მოსაზრებებს და პოზიციებს, რომლებიც არაერთხელ გახმოვანდა საქართველოს, დასავლეთის და რუსეთის მასმედიაში, პოლიტიკურ წრეებში ოფიციალურ თუ არაოფიციალურ დონეზე, აგრეთვე სეპარატისტულ რეგიონებში. ეს ყველაფერი კარგადაა ცნობილი, ამიტომ, პირდაპირ გადავალ სათქმელზე.

მიმაჩნია, რომ საქართველოს გამთლიანებისათვის უნდა შემუშავდეს სტრატეგია–მოდელი, რომლის არსი არის შემდეგი: აფხაზეთის და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ სტატუსი განისაზღვრება ფედერალური ხელშეკრულებით, ანუ საქართველო გახდება ფედერალური სახელმწიფო, შემდეგი სახელწოდებით – „საქართველოს ფედერაცია“. ეს ხელშეკრულება იქნება საქართველოს კონსტიტუციის შემადგენელი ნაწილი. ამ ნაწილში ცვლილებების შეტანა მოხდება აფხაზურ და ოსურ მხარესთან წინასწარი კონსულტაციების შემდეგ.

საქართველოს სახელმწიფოს ახალი სახელწოდება იქნება – „საქართველოს ფედერაცია“ („რუსეთის ფედერაციის“ მსგავსად...), რომლის შემადგენლობაში შემდეგი სამი სუბიექტი–რესპუბლიკა იქნება: 1) „რესპუბლიკა აფხაზეთი“ (აფსნი, აბხაზია), რომელსაც ისეთივე სტატუსი და უფლებები ექნება, როგორიც რუსეთის ფედერაციაში შემავალ „რესპუბლიკა თათრეთს“ („ტატარსტან“). 2) „რესპულიკა სამხრეთ ოსეთი – ქართლი“, როგორც, რუსეთის ფედერაციაში შემავალი, „ჩრდილოეთ ოსეთია – ალანია“ („სევერნაია ოსეტია – ალანია“). მინიშნებაა იმაზე, რომ რუსეთში მდებარე „ისტორიული ოსეთი“ სხვა არის, ხოლო საქართველოში, კერძოდ ქართლში მცხოვრები ოსი ეროვნების უმცირესობა (სამხრეთ ოსები) კი სხვა. ანუ, ამ „ოსეთებს“ განსხვავებული ისტორია და გეოგრაფიული ადგილმდებარეობა აქვთ, აგრეთვე, სხვადასხვა სახელმწიფოების სუბიექტები არიან , რაც მოხსნის სადაო საკითხებს. ამავდროულად, თანაბრად გათვალისწინებული იქნება საქართველოს ფედერაციის ამ რესპუბლიკაში მცხოვრები, როგორც ოსების ისე ქართველების ეროვნული ინტერესები, რაშიც დადებით როლს ითამაშებს დასახელებაში, სიტყვა „ქართლი“–ს დაფიქსირება. 3) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. „საქართველოს ფედერაცია“ არის ერთიანი სახელმწიფო და არა „საერთო“! სადაც, აფხაზი ხალხი განიხილება არა როგორც უმცირესობა, არამედ ქართველ ერთან ერთად საქართველოს სახელმწიფოს ჩამომყალიბებელი ერი! საქართველოს ფედერაცია, იქნება აფხაზთა კულტურული თვითმყოფადობის, ენის, ისტორიის, ეროვნული იდენტურობის დაცვის გარანტი. საქართველოს ფედერაციაში გაერთიანებით, რესპუბლიკები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი – ქართლი, მთელ რიგ კომპეტენციებს გადასცემენ ცენტრს. ამავდროულად, ისინი მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებაში მთელი ქვეყნის მასშტაბით. პასუხისმგებლობას იღებენ მთლიანად საქართველოს სახელმწიფოს მართვაზე საქართველოს პარლამენტის მეორე პალატაში, აღმასრულებელ, სასამართლო ხელისუფლებასა და კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში. საქართველოს ფედერაციაში გაერთიანებით, მათ ექნებათ ცენტრალური ხელისუფლების ფინანსური რესურსების განაწილებისა და საერთაშორისო–ეკონომიკურ ურთიერთობებში მონაწილეობის უფლება. საქართველოს ფედერაციის სუბიექტი რესპუბლიკები, მონაწილეობენ ერთიანი სახელმწიფო ნების ფორმირების პროცესში საქართველოს პარლამენტის მეორე პალატის მეშვეობით, სადაც მათი წარმომადგენლების არჩევა მოხდება, ან უშუალოდ მათი მოსახლეობის მიერ, ან პარლამენტების მიერ, ან მეორე პალატაში წარმოდგენილი იქნებიან მათი მთავრობის წევრები. და კიდევ, ბევრი საკითხი და დეტალია, რომლის განხილვა საგაზეთო სტატიაში შეუძლებელია , იმდენად ვრცელია იგი. მაგრამ, ვფიქრობ ამ მოდელის ძირითადი პოლიტიკური–სამართლებრივი ღერძი, გათვითცნობიერებული მკითხველისთვის გასაგებია.

ეს არის ის კომპრომისული სტრატეგიული მოდელი (თითქმის, ყველა ნიუანსის გათვალისწინებით!), რომელზეც უნდა წამოვიდეს რუსეთის ფედერაცია!.. გავითვალისწინოთ ის, რომ მოსკოვს „დიდი ძალისხმევის“ დახარჯვა მოუწევს სოხუმის „დასათანხმებლად“ და „ცოტა ნაკლების“, – ცხინვალის! რა თქმა უნდა, აქ დგება ტექნიკური, მაგრამ რთული საკითხი (ეს მომენტი რუსებს ძალიან აღელვებთ), თუ როგორ „გაიწვიოს“ რუსეთის ფედერაციამ საკუთარი, 2008 წლის 26 აგვისტოს „დამოუკიდებლობების აღიარებები“ აფხაზეთის და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ მიმართ ისე, რომ „სახე შეინარჩუნოს“ (ანუ, „გადაფურთხებულის ალოკვა“ არ მოუხდეს). ეს ავტომატურად განხორციელდება, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე დაიდება ახალი ხელშეკრულება, რომელსაც ხელს მოაწერს რუსეთის ფედერაცია (ამის შემდეგ, ძალადაკარგულად ჩაითვლება მოსკოვის მიერ სოხუმის და ცხინვალის „დამოუკიდებლობის აღიარებები“!) და საერთაშორისო სამართლის სხვა სუბიექტები, – აშშ, ევროკავშირი, ეუთო, გაერო. დიახ, საქართველოს ფედერაცის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და სამხედრო ნეიტრალიტეტის გარანტები გახდებიან: “ევროკავშირი, ეუთო, გაერო, რუსეთის ფედერაცია, ამერიკის შეერთებული შტატები“. რაც შეეხება, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებს, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან საქართველოს ფედერაციაში, კერძოდ, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთი – ქართლის ტერიტორიაზე, მათ მოეხსნებათ საოკუპაციო და მიენიჭებათ სამშვიდობო („ცისფერი ჩაფხუტები“) სტატუსი, გაეროს ეგიდით. გარდა ამისა, მათი რაოდენობა შემცირდება აფხაზეთში 1500 სამხედრო მოსამსახურემდე, ხოლო სამხრეთ ოსეთი – ქართლში, 1000 – მდე. საქართველოს ფედერაციის აღნიშნულ რესპუბლიკებში, მათი დისლოცირების ვადა უნდა განისაზღვროს 5 წლით! აგრეთვე, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთი – ქართლშიც შეყვანილი იქნებიან ევროკავშირის მეთვალყურენი, რომლებიც ამჟამად ოპერირებენ ადმინისტრაციული საზღვრების პერიმეტრზე და მათი რიცხვი აფხაზეთში სასურველია იყოს 250 მეთვალყურე, ხოლო სამხრეთ ოსეთი – ქართლში, 200 – მდე. უსაფრთხოების გაზრდის თვალსაზრისით, მიზანშეწონილია, რომ გაეროს და ეუთოს ეგიდითაც დაემატოს 150 მეთვალყურე, თითოეულ რესპუბლიკაში. საქართველოს ფედერაციის აღნიშნულ 2 რესპუბლიკაში, საჭიროების შემთხვევაში, სიტუაციის სირთულიდან გამომდინარე დამატებით შეყვანილი იქნებიან შესაბამისი რაოდენობის საერთაშორისო საპოლიციო დანაყოფები, გაეროს, ევროკავშირის და ეუთოს ეგიდით! ხოლო, საქართველოს ფედერაციის ამ ორ რესპუბლიკაში სიტუაციის საბოლოო დარეგულირების შემდეგ, ყველა საერთაშორისო სამხედრო თუ საპოლიციო დანაყოფი ტოვებს დისლოკაციის ადგილებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეები („ცისფერი ჩაფხუტები“). საქართველოს ფედერაციის მთელს ტერიტორიაზე დაუშვებელი იქნება, რომელიმე სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის სამხედრო ბაზების არსებობა, რადგანაც საქართველოს ფედერაციაში სამხედრო ნეიტრალიტეტი კონსტიტუციური მუხლებით იქნება დაცული. ამავდროულად, საქართველოს ფედერაცია ერთგული რჩება ევროკავშირთან დადებული ასოცირებული ხელშეკრულების და მასში საბოლოო ინტეგრირების.

P.S. უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლებებს იმდენად მძიმე და გამოუსწორებელი შეცდომები აქვთ დაშვებული, რომ ეს მოდელი არის ის მაქსიმუმი, რომლის განხორციელება ჯერ კიდევ შესაძლებელია!.. ამიტომ, რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, რადგანაც, უკვე ყოველ გასულ თვეს აქვს მნიშვნელობა, არათუ წლებს, თორემ ყველაფერი დაგვიანდება!.. აღნიშნული კომპრომისული მოდელი იძლევა საშუალებას, რომ ერთდროულად – აფხაზების და ოსების ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით საქართველოს ფედერალური სახელმწიფო გავამთლიანოთ, სუვერენიტეტი შევინარჩუნოთ, უსაფრთხოება გარანტირებულად გვქონდეს და ევროპული, დემოკრატიული განვითარების შანსი არ დავკარგოთ! ეს მოდელი, თუ მისაღები აღმოჩნდა საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის, მაშინ „კირვალიძის მოდელად“ არ უნდა დარჩეს, არამედ საქართველოს მთავრობის მოდელად უნდა გადაიქცეს, რომ მისი შეთავაზება საერთაშორისო გარანტორებისთვის დროულად განხორციელდეს და შეთანხმება შედგეს!”