აქტუალური
ირმა ინაშვილი: მთავარი მიზეზი, რატომაც მხარს არ დავუჭერთ მინისტრთა კაბინეტს, აგულაშვილი, გიორგაძე, ქუმსიშვილი და ჯეჯელავაა!

  საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 მისი თქმით, პატრიოტთა ალიანსს აღნიშნულ კანდიდატებთან პრეტენზიები და მწვავე შეკითხვები აქვს.

 „კულტურის მინისტრთან მიმართებაში გვაქვს პრეტენზიები და ეს არის საყდრისის აფეთქება, დანგრევა. უნიკალური ძეგლის განადგურება არის სისხლის სამართლის საქმე და უნდა აგოს პასუხი მან. დღეს უტიფრად გამოდის და ამბობს, რომ არ ნანობს და კიდევ მოაწერდა ხელს ასეთი ტიპის ბრძანებულებას. მე ვეუბნები მას, რომ დრო მოვა და ის ციხეში წავა, სადაც დრო ექნება, იფიქროს, სწორად მოიქცა თუ არა ბატონი გიორგაძე. აგულაშვილს მხარს არ ვუჭერთ, რადგან მონაწილეობა მიიღო საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში. ასევე, განუკითხაობაა ხე-ტყის მიმართულებით. პრეტენზიები გვაქვს და მწვავე შეკითხვები დაისმება განათლების მინისტრთან მიმართებაში, რომელიც დაინტერესებულია მხოლოდ კომბლეს და ქართული ზღაპრების რევიზიით და ვერ ვისმენ, წარმოადგინა თუ არა მან განათლების ეროვნული კონცეფცია. ძალიან საინტერესოა ისეთი პერსონა მინისტრთა კაბინეტში, როგორიც ალავიძეა. ის უკვე ტყუილით იწყებს მის კარიერას. ადამიანი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის“  შემომწირველი იყო, იმასაც კი არ ადასტურებს, რაც სიმართლეა. მინისტრი რომ გახდება, მერე რას იზამს. ასეთ კაბინეტს ჩვენ მხარს არ დავუჭერთ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.