საზოგადოება
სერგეენკო: გამოიკვეთა კლინიკები, რომლებსაც მატერიალური მოგების სურვილი ამოძრავებთ პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის ხარჯზე!

  საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, დავით სერგეენკომ გადაცემა 2030-ში განაცხადა.

 „4 წლის განმავლობაში მთავარი გამოწვევა ის იყო, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტისთვის, ვინც სამედიცინო დახმარებით ვერ სარგებლობდა, ეს საშუალება გაგვეჩინა, რაც შევძელით კიდეც. მომავალი 4 წლის მთავარი სტრატეგიული გამოწვევა კი ამბულატორიული პაციენტებისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ჯანდაცვის ხარისხი და სამედიცინო დახმარების განფასების ახალი სისტემის შექმნაა“, - განაცხადა სერგეენკომ.

 მისი თქმით, 4 წლის განმავლობაში გამოიკვეთა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის როგორც მიღწევები, ასევე ხარვეზები.

 „სამედიცინო მოვლა დღეს არა მხოლოდ ექიმისა და ექთნის, თუნდაც სამედიცინო აღჭურვილობის საკითხი გახდა, არამედ ეს არის რთული ბიზნესპროცესი, რომელსაც კარგი ორგანიზება სჭირდება. გამოიკვეთა სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ამოცანებს თავს წარმატებით ართმევენ. თუმცა, გამოიკვეთა კლინიკები, რომლებსაც მატერიალური მოგების მიღების სურვილი ამოძრავებთ, რასაც პაციენტისა და სამედიცინო პერსონალის ხარჯზე აკეთებენ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 „ჩვენი შესაბამისი სამსახურები კლინიკების კონტროლს ახორციელებენ, მაგრამ რეგულაციებს კიდევ უფრო დახვეწა სჭირდება“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.