უცხოეთი
აშშ არ აღიარებს რუსეთსა და აფხაზეთს შორის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ შეთანხმების ლეგიტიმურობას

  საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 "აშშ ეწინააღმდეგება  რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონის აფხაზეთის დეფაქტო ლიდერებთან ერთიანი სამხედრო ძალის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას. ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. “შეთანხმების” ლეგიტიმურობას, რომელიც არ წარმოადგენს მოქმედ საერთაშორისო შეთანხმებას", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ჯონ კირბის განცხადებაში.

 სახელმწიფო დეაპრატმენტი აღნიშნავს, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. უწყება რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ  2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

 "აშშ-ის პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მკაფიო რჩება: ეს რეგიონები საქართველოს ნაწილია და ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ  2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე, უკან გაიხმოს საქართველოს რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომა უზრუნველყოს”, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ჯონ კირბის განცხადებაში.