უცხოეთი
ტრამპი აცხადებს, რომ მის მიერ პრეზიდენტის პოსტის დაკავების პირველივე დღეს აშშ ტრანს-წყნარი ოკეანის ხელშეკრულებას დატოვებს

  საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. ამერიკის  შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეთრ სახლში შესვლის პირველივე დღეს, შტატები წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას დატოვებს, რომელიც ტრანს-წყნარი ოკეანის ხელშეკრულებით არის ცნობილი და 12 ქვეყანას აერთიანებს.

 ეს განცხადება ტრამპმა ვიდეო-მიმართვაში გააკეთა.

 რეგიონული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ნაცვლად, ტრამპი ხელშეკრულების წევრ ქვეყნებთან ორმხრივი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმებას აპირებს.

 ტრანს წყნარი ოკეანის ხელშეკრულება 7 წლის მანძილზე განიხილებოდა და ხელი 2015 წელს მოეწერა, რაც ობამას ადმინისტრაციის დამსახურებად ითვლება.

 ხელშეკრულების წევრ ქვეყნებს, შტატების ჩათვლით ჯერჯერობით მისი რატიფიცირება არ მოუხდენიათ, თუმცა შტატების გარდა, ყოველი მათგანი ისევ მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონული თავისუფალი ვაჭრობის გარიგებას.