პოლიტიკა
ბრიჯიტ ბრინკი: საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა - დემოკრატებისაც და რესპუბლიკელებისაც - ეს აშშ-ის ნაციონალურ ინტერესებშია

  საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ  სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ბრიჯიტ ბრინკმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 როგორც ბრინკმა აღნიშნა, ამერიკის პრეზიდენტი ჯერ კიდევ ბარაკ ობამაა, ის მოვალეობას შეასრულებს 19-20 იანვრამდე, ვიდრე არ მოხდება ახალარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია.

 "ინაუგურაციის შემდეგ იქნება ხელისუფლების გადაბარება და ამ პერიოდში ძველი ადმინისტრაცია ახალ ადმინისტრაციას ეხმარება, ხდება გადამზადება. საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა და მას მხარდამჭერები ჰყავს როგორც დემოკრატებში, ისე რესპუბლიკელებში, ასევე ფართო საზოგადოებრივ ფენებში, ეს განწყობები კი პოლიტიკის განსაზღვრას განაპირობებს”, - განაცხადა ბრინკმა.

 ბრიჯიტ ბრინკს ასევე დაუსვეს კითხვა, ტრამპის და პუტინის ურთიერთსიმპათიით გამსჭვალული განცხადებებიდან გამომდინარე, შესაძლოა თუ არა, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა გადაიხედოს.

 „ურთიერთობის გადახედვა მიმდინარეობდა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადმინისტრაციის პირობებში, მაგრამ საქართველოს მიმართ ეს დამოკიდებულება იყო უცვლელი. ეს დამოკიდებულება არ შეიცვლება, რადგან ის ამერიკის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს”, - განაცხადა ბრინკმა.