საზოგადოება
ეკოლოგიის სამინისტრო უარყოფს საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაღალ მაჩვენებელს, რომელიც თითქოსდა მასობრივი დაავადებების მიზეზს წარმოადგენს

  საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში „ენერგეტიკა და ჰაერის დაბინძურება“ საქართველოს შესახებ ინფორმაცია მოცემულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) „მსოფლიო ჯანმრთელობის სტატისტიკა 2016” ცნობარის მონაცემებით, რომელიც, თავის მხრივ, ეყრდნობა 2012 წლის გაზომვებს.

 ”ამასთან, მიმდინარე წელს WHO- მიერ მტვერთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ კვლევებში ქალაქების მიხედვით (2014 წლის გაზომვებზე დაყრდნობითიხ. j.mp/whooutdoor) თბილისის დაბინძურება შეესაბამება აღმოსავლეთ ევროპის საშუალო და დაბალშემოსავლიანი ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს, რაც არ იძლევა IEA-ის ანგარიშში წარმოდგენილი დასკვნის გაკეთების საფუძველს. უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო პრაქტიკაში არ გამოიყენება მეთოდოლოგიები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად დააკავშირებდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხს სიკვდილიანობასთან სხვა ფაქტორებისაგან (მაგ. შენობების შიგნით ჰაერის ხარისხი, მწეველების რაოდენობა) მოწყვეტით; ხოლო საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში, მრავალი რეფორმის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არსებობს ერთიანი საინფორმაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა გარემოს ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ინფორმაციის სათანადო მართვასა და მსგავსი დასკვნების გაკეთების საშუალებას”, – აცხადებენ სამინისტროში.

 “კვლევაში გამოყენებული პირველადი მასალები საჭიროებს დეტალურ შესწავლას, რისთვისაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას წარედგინება ოფიციალური მოთხოვნა აღნიშნული მონაცემების განმარტებისა და დაზუსტების მიზნით”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ სწორედ „ჰაერის მაღალი დაბინძურებით საქართველოში, რომელიც მასობრივი დაავადებების, მათ შორის ბავშვებში სიმსივნის მიზეზს წარმოადგენს“, ამართლებს საქართველოს მთავრობა ქვეყანაში საყოველთაო ტექდათვალიერების იძულებით შემოღებას კაბალურ პირობებზე