აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტმა რეაგირება მოახდინა საქინფორმის პუბლიკაციაზე და ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგიის შემუშავების ინიციატივით გამოვიდა

   საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გლობალური პოლიტიკური კონტექსტიდან, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებიდან და შავი ზღვის რეგიონში შეცვლილი უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნევს შემუშავდეს ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგია. ამის შესახებ მან 18 ნოემბერს ახალარჩეული პარლამენტის სხდომის გახსნისას განაცხადა.

 „ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების პასუხად მიმაჩნია, რომ უნდა განახლდეს ქვეყნის უშიშროების პოლიტიკის განმსაზღვრელი ეროვნული და უწყებრივი სტრატეგიული დოკუმენტები და მათზე დაყრდნობით, სამოქალაქო საზოგადოების, ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩართულობით, შემუშავდეს ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგია“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 საქინფორმი კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ სამი წლის განმავლობაში – 2013 წლიდან, საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელია, არცერთხელ არ შეხებია ზემოაღნიშნულ საკითხებს, და მხოლოდ საქინფორმის ამასწინანდელი პუბლიკაციის შემდეგ საქართველოს სამხედრო დოქტრინის არარსებობის შესახებ დაინტერესდა ამ პრობლემატიკით.