აქტუალური
ხელისუფლების ჭარბი კონცენტრაცია საშიშია ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშეც კი! – პრეზიდენტი მარგველაშვილი

   საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე თანამშრომლობისა და კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმს სთავაზობს.

 პრეზიდენტის განცხადებით, დღეს პარლამენტში ხმათა კონსტიტუციური უმრავლესობა ერთ პარტიას ეკუთვნის.

 "ამასთან, ბოლო ოთხი წლის მანძილზე იგივე პოლიტიკური ჯგუფის მიერ ექვსი წლის ვადით შეირჩა და დაინიშნა მთავარი პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. ასევე, იუსტიციის საბჭოს ფორმირების პროცესში სერიოზული გავლენა ისევ ქართული ოცნების” ხელშია

 შესაბამისად, როგორც ამ ქვეყანაში დემოკრატიის გარანტი, გიდასტურებთ - დემოკრატიულ პროცესს განსაკუთრებული ყურადღება და გაფრთხილება სჭირდება. შეგახსენებთ მარტივ ჭეშმარიტებას - ხელისუფლების ჭარბი კონცენტრაცია საშიშია ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშეც კი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 მარგველაშვილის აზრით, პარლამენტთან თანხმობითა და თანამშრომლობით ქვეყანაში შექმნილი ვითარება პროგნოზირებად და კეთილდღეობის შექმნაზე ორიენტირებულ სტაბილურობად უნდა იქცეს, გამოწვევები კი - შესაძლებლობებად.