საზოგადოება
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო: რომის სტატუტთან დაკავშირებით რუსეთის გადაწყვეტილება ჰააგაში მიმდინარე გამოძიებას ხელს ვერ შეუშლის

   საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რუსეთის ფედერაცია ისედაც არ იყო სტატუტის მხარე.

 „როგორც ცნობილია, რუსეთმა ხელი მოაწერა სტატუტს 2000 წელს, მაგრამ არ გაუკეთებია რატიფიკაცია. შესაბამისად, ამ მომენტამდე რუსეთის ფედერაცია ისედაც არ იყო სტატუტის მხარე. ეს ამ საქმის გამოძიების დამაბრკოლებელი ფაქტორი არც იყო და ვერც გახდება, ვინაიდან საქართველო არის რომის სტატუტის მხარეშესაბამისად, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება 2008 წლის ომის დროს საქართველოში სავარაუდოდ მომხდარ სტატუტით გათვალისწინებულ დანაშაულებზე. ამას ადასტურებს ისიც, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წინასასამართლო პალატის 2016 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება მოიცავს რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხსაც. ამდენად, რუსეთის 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება არანაირი სამართლებრივი შედეგის მომტანი არ არის და გავლენას ვერ იქონიებს გამოძიებაზე. თუმცა, კიდევ ერთხელ აჩვენებს, ვის არ სურს სიმართლის დადგენა 2008 წლის ომის საქმეზე.  2016 წლის 27 იანვარს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წინასასამართლო პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაიწყოს გამოძიება ცხინვალის რეგიონში და მის ირგვლივ 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებზე", - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

 რუსეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებაზე საბოლოოდ განაცხადა უარი. შესაბამის განკარგულებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 16 ნოემბერს მოაწერა ხელი.