აქტუალური
ლევან იზორია გერმანიის მოკავშირეთა ძალების ტრანსფორმაციის უმაღლესი სარდლის მოადგილეს ადმირალ მანფრედ ნილსონს შეხვდა

   საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიმდინარე „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ის საკითხები განიხილეს.

 „საქართველოში უკვე ერთი კვირაა, მიმდინარეობს ნატო-საქართველოს წვრთნები. ჩვენ ამ წვრთნების ფარგლებში ნატოს ადმირალს, ასევე პოლონეთისა და ლიტვის გენშტაბის უფროსებს ვუმასპინძლეთ. თავად ეს წვრთნები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში უკვე მეორე საერთაშორისო წვრთნა. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ნატოს  ღირსეული პარტნიორია და ბუნებრივია, მსგავს წვრთნებს მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 „ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა  ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ნატოს ეგიდით მიმდინარე სხვადასხვა  წვრთნებსა თუ ოპერაციებში, განსაკუთრებით ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. ჩვენ ვაფასებთ  იმას, რომ 11 000-მდე ქართველი ჯარისკაცი საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობს. ძალიან მიხარია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ჩვენ გვერდით დგას“, - განაცხადა გერმანიის მოკავშირეთა ძალების ტრანსფორმაციის უმაღლესი სარდლის მოადგილემ, ადმირალმა მანფრედ ნილსონმა.