პოლიტიკა
სასამართლომ მასზე დაკისრებული იმედები არ გაამართლა და არ გახდა საერთაშორისო მართლმსაჯულების ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ავტორიტეტული ორგანო - რფ–ის საგარეო საქმეთა სამინისტრო

   საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგევრდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მოსკოვის გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად დასახლებულია ჰააგის სასამართლოს დამოკიდებულება 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისადმი.

 “რუსეთს არ შეიძლება, არ აღელვებდეს ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამოკიდებულება 2008 წლის აგვისტოს ომისადმი. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ  მშვიდობიან ცხინვალზე თავდასხმამ, რუსი მშვიდობისმყოფელების მკვლელობამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან წარმოშვა ბრალდებები ოსი მებრძოლებისა და რუსი სამხედროების მისამართით. ხოლო ქართველი თანამდებობის პირების ქმედებებისა და ბრძანებების ევენტუალური გამოძიება მიზანმიმართულად გადაეცა ქართულ მართმსაჯულებას და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის ყურადღების მიღმა რჩება. ვითარების ამგვარი განვითარება საკუთარ თავზე თავად მეტყველებს. ასეთ პირობებში ნაკლებად შესაძლებელია სიხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი ნდობაზე საუბარი”, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

 როგორც რუსული მხარე აღნიშნავს, სამწუხაროდ, ჰააგის სასამართლომ მასზე დაკისრებული იმედები არ გაამართლა და არ გახდა საერთაშორისო მართლმსაჯულების ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ავტორიტეტული ორგანო.

 რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 14-წლიანი მუშაობის განმავლობაში მხოლოდ ოთხი განაჩენი გამოიტანა და ერთ მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა.

 რუსეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებაზე საბოლოოდ 16 ნოემბერს განაცხადა უარი. შესაბამის განკარგულებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი.

 ვლადიმერ პუტინის განკარგულების თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გაუგზავნოს შესაბამისი შეტყობინება გაერო-ს გენერალურ მდივანს.