სამართალი
დეკანოიძე გადადგა, სისხლის სამართლის დამნაშავე სააკაშვილი კი იმედოვნებს, რომ პოროშენკო მას საქართველოს არ გადასცემს

  საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე ხატია დეკანოიძემ დატოვა.

 კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე დეკანოიძემ განაცხადა, რომ რადიკალური ცვლილებებისთვის მისი უფლებამოსილება და ნება არასაკმარისი აღმოჩნდა. მან მწუხარება გამოთქვა, რომ სამართალდამცველ სტრუქტურებში კორუფციის აღმოფხვრა ვერ მოხერხდა, თუმცა მნიშვნელოვან მიღწევად დაასახელა ქვეყანაში ვითარების სტაბილიზაცია და სისტემაში რეალური ცვლილებების დაწყება. ხატია დეკანოიძე უკრაინის ეროვნულ პოლიციას ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

 ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ უკრაინა მას არ გადასცემს საქართველოს, სადაც იგი სისხლის სამართლებრივ ძებნაში იმყოფება. „არა, მე უკეთესი აზრის ვარ პრეზიდენტ პოროშენკოზე, რომ ის ამას არ გააკეთებს. წარმოვიდგინოთ ჰიპოთეტური სიტუაცია, რომ მან აიღო და გადამცა. ერთი კვირის შემდეგ საქართველოში თავისუფალი ვიქნები, იმიტომ,რ ომ საქართველოში 600 000 მომხრე მყავს!“, – განაცხადა სააკაშვილმა.