საზოგადოება
რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი 2 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

  საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი იუწყება, რომ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული ღონისძიებების კომპლექსის შედეგად აღძრულია სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის ალექსეი ულიუკაევის წინააღმდეგ. „საქმე ეხება „როსნეფტის“ წარმომადგენლებისაგან ქრთამის გამოძალვას, რასაც თან ახლდა მუქარა“, - განუცხადა “რია ნოვოსტის” რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა სვეტლანა პეტრენკომ.

 მან თქვა, რომ უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ამა წლის ზაფხულიდან უსმენდა ალექსეი ულიუკაევის ტელეფონს. მის საუბრებში „როსნეფტის“ წარმომადგენლებთან „ბაშკირნეფტის“ პრივატიზაციის საკითხზე მსჯელობისას მუქარა გაისმოდა. ეს მასალები დაედო საფუძვლად სისხლის სამართლის საქმეს. „დაკავებისას ულიუკაევი შეეცადა, მფარველებს დაკავშირებოდა, მაგრამ ამაოდ, - დასძინა მან.

 ალექსეი ულიუკაევი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ოპერაციის მიმდინარეობისას დააკავეს. გამოძიების ვერსიის მიხედვით, მას 2 მილიონი დოლარი გადასცეს ეკონომიკის განვითარების სამინისტროს მხრიდან დადებითი შეფასებისათვის, რაც „როსნეფტს“ საშუალებას მისცემდა, შეეძინა „ბაშნეფტის“ აქციების საკონტროლო პაკეტი 50%-ის ოდენობით.