საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას

  საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, შესაძლოა, რუსეთი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბრის დაწყებით დაინტერესებული იყოს, თუმცა ამ ეტაპზე დღის წესრიგში დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა არ დგას.

 „ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ვერც განიხილება, არანაირი პროგრესი აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით არ არის. თუკი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა, პროგრესი ამ ყველაზე რთული საკითხების მოგვარების კუთხით, რაღაც ეტაპზე, ალბათ, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, მაგრამ არა დღეს, ამ ვითარებაში, როდესაც ჩვენი ტერიტორიული ერთიანობა დარღვეულია, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 მისი თქმით, რუსი ბიზნესმენების თბილისში ვიზიტის ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღია. აბაშიძის განცხადებით, გრიგორი კარასინთან მოლაპარაკების შედეგია ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავება.