უცხოეთი
პუტინმა სომხეთთან რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნაზე შეთანხმების ხელმოწერა თავდაცვის უწყებას დაავალა

  საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. რფ–ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოიწონა და თავდაცვის უწყებას დაავალა, კავკასიის რეგიონში კოლექტიური უსაფრთხოების მიზნით, სომხეთთან ჯარების გაერთიანებულ დაჯგუფებაზე  ორი ქვეყნის შეთანხმების პროექტის ხელმოწერა. სახელმწიფოს მეთაურის შესაბამისი განკარგულება ორშაბათს სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.

 „მიღებული იქნას რფ–ის მთავრობის წინადადება შეთანხმების ხელმოწერაზე... დაევალოს რუსეთის თავდაცვის უწყებას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით გამართოს მოლაპარაკებები სომხეთის მხარესთან და შეთანხმების მიღწევისთანავე, რფ–ის სახელით, ხელი მოეწეროს აღნიშნულ შეთანხმებას“, – ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში.

 პროექტის თანახმად, რუსეთი და სომხეთი „მხარეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კავკასიის რეგიონში შექმნიან ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ დაჯგუფებას, რომელსაც უნარი ექნება უზრუნველყოს ადექვატური რეაგირება შეიარაღებულ თავდასხმაზე (აგრესიაზე), ასევე სხვა გამოწვევებზე და მხარეთა უსაფრთხოებისთვის წარმოქმნილ საფრთხეებზე“.

 „აღნიშნული შეთანხმება არ არის მიმართული მესამე სახელმწიფოების წინააღმდეგ“, – ნათქვამია პროექტში. შეთანხმება დაიდება 5 წლის ვადით, მომდევნო ხუთწლედში ავტომატური გაგრძელებით, თუ არცერთი მხარე არ გამოთქვამს სურვილს, შეწყვიტოს ასეთი თანამშრომლობა.