პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ტოლერანტობისა და განსხვავებულის პატივისცემის უკან ჩვენი განსაკუთრებული ისტორიული წარსული დგას

  საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა და ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ საინფორმაციო ბროშურის პრეზენტაციას დაესწრო.

 ქართულ-ოსური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, აფხაზეთის ვირტუალური არქივი, ეთნიკური უმცირესობების მიერ  ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა, ბოშათა გაძლიერების ცენტრი, ინგლისური ენისა და კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსი სოფელ ჯოყოლოში, ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას, ჩეჩნური კულტურის ფესტივალი, პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის პროექტი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

 გიორგი მარგველაშვილმა სასახლეში მოწვეულ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა:

 „ქართველთა, ებრაელთა, სომეხთა, ბერძენთა წინაპრები და სხვა ყველა ეთნოსის წარმომადგენლები, ასევე, მუსლიმები, ქრისტიანები და სხვა კონფესიები ერთად ქმნიდნენ ამ ქვეყნის სიძლიერეს. ჩვენ რაიმე განსხვავებულს კი არ ვაკეთებთ, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ საუკუნეების განმავლობაში”,  - აღნიშნა პრეზიდენტმა.