საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობაში მყოფ ერთ-ორ ახირებულ პერსონაჟთან საერთო არაფერი მინდა მქონდეს

  საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილ ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეომასალაში აცხადებს.

 „მე მათ ვურჩევდი, არ მიეღოთ მონაწილეობა მეორე ტურში, რადგან ეს გამოიწვევდა კიდევ უფრო მეტ დემორალიზებას. არა, უნდა გავიდეთ, ერთ მანდატს მაინც წავგლიჯავთო, მაგრამ ვერცერთი მანდატი ვერ მიიღეს. რძესავით შევირგეთ ივანიშვილის გაყალბებული არჩევნები. ამის მერე დაიწყეს ისევ უაზრო საუბარი, იმ ორმა ტიპაჟმა, თითქოს არსებობს 8-წლიანი ციკლი. იმის მაგივრად, რომ ხალხს ვრაზმავდეთ, ბრძოლისკენ და შეურიგებლობსკენ მოვუწოდებდეთ, არის ხელების დაშვება. მათ პრობლემა სააკაშვილთან კი არ აქვთ, პრობლემა აქვთ საკუთარ ხალხთან და, პირველ რიგში, 600 ათას ამომრჩეველთან. ამ ახირებულ ერთ-ორ პერსონაჟთან, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობაში, მე არაფერი მინდა მქონდეს საერთო“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

 აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილის ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების განკარგულებას ხელი მოაწერა.  ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ამასთან, პეტრო პოროშენკომ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის შტატგარეშე მრჩევლის თანამდებობიდანაც გაათავისუფლა.

 მიხეილ სააკაშვილმა გადადგომის შესახებ 7 ნოემბერს განაცხადა. ოდესაში გამართულ პრესკონფერენციაზე მან პეტრო პოროშენკო “კორუფციული კლანების” მფარველობაში დაადანაშაულა.

 მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად 2015 წლის მაისში დაინიშნა. აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.