პოლიტიკა
ჯოზეფ ბაიდენმა დაგმო რუსეთის მიერ აფხაზეთთან გაფორმებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია, რომელიც ერთობლივი საჯარისო დანაყოფის შექმნას ითვალისწინებს

  საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შესაბამის განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.

 აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დაგმო რუსეთის მიერ აფხაზეთთან გაფორმებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია, რომელიც ერთობლივი საჯარისო დანაყოფის შექმნას ითვალისწინებს.

 როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოს დემოკრატიულ ლიდერობას მთელ რეგიონში. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ქართული ოცნებისძლიერი უმრავლესობა დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მისი მმართველობა უნდა იყო ინკლუზიური, ხელი უნდა გაუწოდოს  რეფორმის მხარდამჭერ ყველა ძალას, როდესაც ჩამოაყალიბებს თავის პოლიტიკას.

 "ბაიდენმა მოუწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გამოიყენოს არჩევნების შედეგები საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გასაგრძელებლად, რაც საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.