სამართალი
პაატა ჯიბლაძე: ნათელაშვილს ფსიქიატრთან ტესტის ჩაბარება სჭირდება! ის საბოლოოდ იქნება დამარხული!

  საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. "მემარცხენე ალიანსის" პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე აცხადებს, რომ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სამკურნალოა.

 "პირველის პრესკლუბში" გამართულ პრესკონფერენციაზე პაატა ჯიბლაძე შალვა ნათელაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ლეიბორისტების ლიდერი სოსო შატბერაშვილს - “ნარკობარიგობაში”, კახა ძაგანიას კი ნარკოტიკების მოხმარებაში ადანაშაულებს.

 "შალვა ნათელაშვილის მხრიდან ეს ყოვლად სამარცხვინო და ამაზრზენი განცხადება იყო, მგონი, ამ ადამიანს ექიმთან მისვლა და ტესტის ჩაბარება სჭირდება, არის თუ არა ნორმალური. ერთხელ ვუთხარი, გიჟს გეძახიან-თქო და როგორც ჩანს, ეს მტკიცდება. სოსო შატბერაშვილსა და კახა ძაგანიაში კი არ არის პრობლემა, რა უნდა ველაპარაკო იმ ადამიანს, რომელიც ჩვენი ეროვნული გმირების - ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დაკავებას ითხოვდა?!

 ეს ადამიანი სამკურნალოა. რა კომენტარი უნდა გავაკეთო მის მონაჩმახთან დაკავშირებით?! მის ცილისწამებასა და დასმენებთან დაკავშირებით ჩვენ სარჩელს ვამზადებთ, რომელიც მომდევნო კვირაში მზად იქნება. იმედი გვაქვს, რომ მისი "ჩაშვებები" ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. თუ ეს აქამდე არ შეეძლოთ სხვა პარტიებს, ჩვენ შევძლებთ. შალვა ნათელაშვილი არის პოლიტიკური გვამი და საბოლოოდ იქნება დამარხული საქართველოს პოლიტიკური სივრციდან", - აღნიშნა პაატა ჯიბლაძემ.