პუბლიკაციები
მარგველაშვილი იქნება საქართველოს უკანასკნელი პრეზიდენტი, რომელიც პირდაპირი და საყოველთაო წესით არის არჩეული - ჯუმბერ კირვალიძე

  პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე საქართველოში საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის და მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მომხრეა.

 "საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი არის პრემიერ-მინისტრი და არა პრეზიდენტი, ხოლო, როგორც წესი ამ პოსტს იკავებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე. აქედან გამომდინარე, განუზომლად იზრდება მმართველი პოლიტიკური პარტიის როლი, თუ რამდენად ძლიერი, მობილიზებული და პროფესიონალი კადრებით იქნება იგი დაკომპლექტებული. ამავდროულად, საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის პირობებში, ქვეყანაში სრულფასოვანი პოლიტიკური ცხოვრებისათვის საჭიროა 4-5 კონკურენტუნარიანი ძლიერი პოლიტიკური პარტიის ფუნქციონირება.

 სხვათაშორის, განვლილმა საპარლამენტო არჩევნებმა გვაჩვენა, რომ მეტი პოლიტიკური და საკადრო რესურსი და რეზერვი ქვეყანას არცა აქვს. ამიტომ, სწორედ აქეთ უნდა იყოს მიმართული საქართველოს მცირერიცხოვანი, კვალიფიცირებული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ძალისხმევაც, რაც ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებშია.

 მიმაჩნია, რომ "ქართული ოცნების" არსებულმა საკონსტიტუციო უმრავლესობამ უნდა განახორციელოს პრეზიდენტის არჩევითობის წესის ცვლილება! საქართველოს პრეზიდენტი არჩეულ უნდა იქნას არა პირდაპირი და საყოველთაო არჩევნების გზით, არამედ, კონსტიტუციაში და საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, ანუ, უკვე 2018 წლიდან (როდესაც მარგველაშვილის პრეზიდენტობის ვადა ამოიწურება!) ქვეყნის პრეზიდენტის არჩევა უნდა მოხდეს საქართველოს პარლამენტის, ან ე.წ. ამრჩევი კოლეგიის მიერ! ამრიგად, გიორგი მარგველაშვილი იქნება საქართველოს უკანასკნელი პრეზიდენტი, რომელსაც პირდაპირი და საყოველთაო არჩევნების გზით ეს საპატიო პოსტი ეკავა!..

 გარდა ამისა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, ერთპალატიანი პარლამენტის პირობებში უარი უნდა ვთქვათ არჩევნების მაჟორიტარული წესზე! მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესაძლებელი გახდება ქვეყანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, შემოღებული უნდა იქნას ორპალატიანი პარლამენტი (შემოერთებული, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ინტერესების გათვალისწინებით!), სადაც პარლამენტის ზედა პალატა (30 წევრი) არჩეული იქნება აღდგენილი მაჟორიტარული წესით, ხოლო ქვედა პალატა (120 წევრი) პროპორციული წესით", - აცხადებს კირვალიძე.