პოლიტიკა
საგარეო უწყება: სოხუმთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შეთანხმება რუსეთის მიერ მცოცავი ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებაა

  საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ რუსეთსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე კომენტარს ავრცელებს.

 „მსგავსი გაერთიანების შექმნას ითვალისწინებდა 2014 წლის ნოემბერში ხელმოწერილი ე.წ. „ხელშეკრულება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“. მთელი ეს პროცესი ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცოცავი ანექსიის პოლიტიკას, რაც სრულად ეწინააღმდეგება დადგენილ საერთაშორისო წესრიგს და ძირს უთხრის გაერო-ს ქარტიისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობა და სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. დოკუმენტის ხელმოწერითა და ერთი წლის თავზე მისი რატიფიკაციით რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების არარსებობისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებაზე უარის თქმის გათვალისწინებით“, - ნათქვამია კომენტარში.