უცხოეთი
რასმუსენი: ჩვენ ამერიკა მსოფლიო ჟანდარმად გვჭირდება! აშშ–ს არ აქვს სხვა გზა, გარდა სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევის გზაზე დაბრუნებისა!

  საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. Sky News-თან ინტერვიუში ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ანდერს ფოგ რასმუსენმა მოუწოდა აშშ–ს, უფრო აქტიურად ჩაერთოს მსოფლიო კონფლიქტებში და გააკრიტიკა ამერიკის ლიდერი ბარაქ ობამა გაუბედაობისთვის. „ჩვენ გვჭირდება ამერიკა მსოფლიო ჟანდარმად. ჩვენ გვჭირდება ამერიკის მიზანსწრაფული გლობალური ლიდერობა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ შეერთებულმა შტატებმა, როგორც მსოფლიო პოლიციელმა, „უნდა აღადგინოს საერთაშორისო სამართალი და წესრიგი“.

 აშშ–ს, როგორც ნატოს ყოფილი გენმდივანი ირწმუნება, არ აქვს სხვა გზა, გარდა სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევის გზაზე დაბრუნებისა. „ზესახელმწიფოები არ გადიან პენსიაზე“, – აღნიშნა მან.

 მსოფლიო, რასმუსენის აზრით, ცეცხლშია გახვეული. „სირიაში ომები და კონფლიქტებია. ერაყი კრახის პირასაა, ლიბია ქმედუუნარო სახელმწიფოა ჩრდილოეთ აფრიკაში“, – განაცხადა მან. პოროშენკოს მრჩეველმა ასევე დაადანაშაულა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიასა და აღმოსავლეთ ევროპაში დესტაბილიზაციაში, ჩინეთი – კუნთების თამაშში, ჩრდილოეთ კორეა კი ბირთვულ მუქარაში.

 რასმუსენმა ასევე ღრმა შეშფოთება გამოთქვა აშშ–ის ხელისუფლებაში რესპუბლიკელ დონალდ ტრამპის შესაძლო მოსვლასთან დაკავშირებით. მისი აზრით, ასეთი სცენარი შესაძლოა ძალზე „სახიფათო იყოს“. „ჩვენთვის უცნობია რა პოლიტიკას გაატარებს ტრამპის ადმინისტრაცია, თუმცა, თუ მის განცხადებებს დავუჯერებთ, ჩემი აზრით, ეს საფრთხეა მთელი მსოფლიოსთვის“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა.