პოლიტიკა
რუსეთის სახელმწიფო დუმას დსთ-ს საქმეთა კომიტეტი მზად არის, საქართველოსთან საპარლამენტო თანამშრომლობა აღადგინოს - რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო

  საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო დუმას დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირის  საქმეთა კომიტეტი მზად არის, საქართველოსთან საპარლამენტო თანამშრომლობის განახლების პროცესის ინიცირება მოახდინოს, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების კომენტირებისას. “დსთ-ს საქმეთა კომიტეტი მზადაა, ყოველმხრივ შეუწყოს ხელი საქართველოსთან თანამშრომლობის აღდგენას - როგორც საპარლამენტო, ისე მთლიანად. აუცილებლად ჩავატარებთ მოსმენებს კომიტეტის ფარგლებში, არჩევნების შედეგებს გავაანალიზებთ და ქართულ მხარეს წინადადებებით მივმართავთ. ვნახოთ, გამოეხმაურებიან თუ არა”, - განაცხადა კალაშნიკოვმა.

 არჩევნებთან დაკავშირებით, რომლის შედეგად პარტია “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო, კალაშნიკოვმა აღნიშნა, რომ “რუსეთთან კონფრონტაციის ხაზი ჩავარდა”, “ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის იმედი, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდებოდნენ, გაცამტვერდა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის ავტომატურად აღდგენას არ ნიშნავს. არ ვიცი, განავითარებს თუ არა “ქართული ოცნება” რუსეთთან ურთიერთობას უწინდელ - მეგობრულ და კეთილმეზობლურ დონემდე. ჯერჯერობით დაბრკოლებები რჩება, მაგრამ კონსულტაციები გრძელდება”, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 ამავე დროს, კალაშნიკოვს მიაჩნია, რომ “დროა, ურთიერთობის აღდგენის ორმხრივ გზაზე მოძრაობა დაიწყოს”. “ამ თვალსაზრისით არჩევნების შედეგები კარტ ბლანშს აძლევს “ქართულ ოცნებას” იმისთვის, რომ ეს სფერო დაარეგულიროს”, - დაასკვნა ლეონიდ კალაშნიკოვმა.