საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი: მომხრე ვარ, რომ სამოქალაქო ქორწინება აისახოს კონსტიტუციაში, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა

  საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

 „სამოქალაქო ქორწინებაში შესვლა უნდა შეეძლოს მხოლოდ ქალსა და მამაკაცს. ეს არის ჩვენი აზრი, ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული. არცერთი საერთაშორისო კონვენციით ამ ტიპის შეზღუდვის დაწესება არ არის დისკრიმინაციული. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო კოდექსში არსებული ჩანაწერის გადატანა კონსტიტუციაში. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ფიქრობს, რომ ევროპაში სჭირდებათ ის საქართველო, რომელსაც აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ტრადიციული ფასეულობები და ღირებულებები, სწორედ ასეთი საქართველოა ღირებული ევროპისთვის. ჩვენ თვითონ ვართ ევროპა. ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 “ჩვენ ამაში არ ვართ უნიკალურები. ეს არის ძალიან ბევრ ქვეყანაში. მათ შორის, აშშ-შიც, არ არის ყველგან დაშვებული. საერთოდ, ამ საკითხის ჩვენი მხრიდან მხარდაჭერაც სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ გვეჩვენებინა, მათ შორის იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებისთვისაც ძვირფასია როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ამავე დროს ტრადიციული ფასეულობები, რომ ევროპა და დასავლეთი არ არის ერთსქესიანთა ქორწინების მხარდაჭერა. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ჩვენ ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის მხარდაჭერა გვაქვს კომბინაციაში ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან. ჩვენ ვართ ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის მომხრე ისე, რომ  შევინარჩუნოთ საუკეთესო ტრადიციული ფასეულობები”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.