პოლიტიკა
ამერიკელი ექსპერტები: საქართველო არ არის ნატო-ს წევრი და არც აქვს პერსპექტივა, ეს შორეული მომავლისთვის იქნა გადატანილი

  საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. ნატო-სთან ურთიერთობა და რუსეთის აგრესია იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც ექსპერტები საუბრობდნენ ვაშინგტონში. ამერიკაში აანალიზებენ, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა იმის მიხედვით, ვინ გაიმარჯვებს 8 ნოემბრის არჩევნებში. ექსპერტების ნაწილი საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვან ცვლილებებს მოელის, რომლებიც საქართველოს და უკრაინასაც შეეხება.

 “რუსეთს აქვს ვეტო, რომელიც გამოიყენა. არც უკრაინა და არც საქართველო არ არიან ნატო- წევრები და, სავარაუდოდ, არცერთს არ აქვს პერსპექტივა, პოლიტიკურად რელევანტური დროის მონაკვეთში შეუერთდეს ალიანსს. ეს შორეული მომავლისთვის იქნა გადატანილი. მე მინდა სიტუაცია, რომელშიც რუსეთის პრობლემებზე მსჯელობა იქნება გარკვეულ მექანიზმში, რაც მისცემს საშუალებას შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს, ამ საკითხს დიპლომატიურად უპასუხონ”, - განაცხადა “ნეიშენალ ინთერესთის” დირექტორმა პოლ სანდერსმა.

 “რუსეთი ახდენს დასავლეთის, კერძოდ, შეერთებული შტატების დემონიზებას, ცდილობს, დაბლოკოს მეზობლების სწრაფვა - ჰქონდეთ მჭიდრო კავშირები დასავლეთთან, უკრძალავს მათ, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი, ფეხქვეშ თელავს მათი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ძირითად პრინციპებს”, - აღნიშნა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში ამერიკის მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორმა დევიდ კრამერმა.

 “უფრო მკაცრი პოლიტიკა უნდა გატარდეს რუსეთის მიმართ და დადგეს საპასუხო შედეგი იმის გამო, რაც გააკეთეს საერთაშორისო წესრიგის მისამართით, მათი შეჭრისთვის სუვერენულ ქვეყნებში, სამოქალაქო პირების მასობრივი მკვლელობებისთვის სირიაში. ეს მკაცრი პოლიტიკა უნდა იყოს სანქციების და ჩვენს მოკავშირეებთან ურთიერთობებში ხელახალი ინვესტირების ერთობლიობა”, - განაცხადა ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსმა ალინა პოლიაკოვამ.