აქტუალური
ნატო გააძლიერებს საქართველოსთან პარტნიორობას შავ ზღვაზე – დეტალები 2017 წლის თებერვალში გახდება ცნობილი

  საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერებას, რაც მნიშვნელოვანია როგორც ნატო-სთვის, ისე საქართველოს უსაფრთხოებისთვის” - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შავი ზღვის რეგიონში ალიანსის აქტივობებში საქართველოს შესაძლო როლს შეეხებოდა.

 როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს გეგმების დეტალები თებერვალში გახდება ცნობილი.

 „ვისაუბრეთ შავი ზღვის რეგიონში რუმინეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ბრიგადის გაძლიერების საკითხზე, დამატებითი საჰაერო და სახმელეთო ძალების განთავსებით. ამასთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალი თებერვალში იქნება ცნობილი. საქართველო არის ნატო-საკვანძო და ძვირფასი პარტნიორი. დაახლოებით ერთი წლის წინ საქართველოში გავხსენით წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, ასევე ჩავატარეთ მასშტაბური ერთობლივი წვრთნა მიმდინარე წელს. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოში მრავალი მიმართულებით”, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

 „ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერებას, რაც მნიშვნელოვანია როგორც ნატო-სთვის, ისე საქართველოს უსაფრთხოებისთვის”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.