პოლიტიკა
ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე მოლაპარაკება ნოემბრის დასაწყისში დაიწყონ

  საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტის (LIBE) წევრებმა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას სლოვაკეთს გაუგზავნეს.

დეპუტატები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკების დაწყების გადავადების რეალური მიზეზი არ არსებობს, რადგან ევროკომისიამ დაადასტურა, რომ ქვეყანამ ყველა მოთხოვნა შეასრულა.

დეპუტატები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც, სამმხრივი მოლაპარაკება არ უნდა დაიწყოს, ვიდრე ევროპარლამენტთან არ მოხდება შეთანხმება ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით.

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებლის მარია გაბრიელის განცხადებით კი, მთავარი პრინციპია, რომ ყველა ქვეყანამ, რომელიც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, შეძლოს ვიზალიბერალიზაციით სარგებელის მიღება. საქართველოს შემთხვევა სწორედ ასეთია”, - აღნიშნა მარია გაბრიელმა.