პოლიტიკა
სოზარ სუბარი: ჩვენი შიდა ოპონენტები დადიოდნენ ევროპარლამენტის დერეფნებში და ცდილობდნენ, საქართველოს არ მიეღო ვიზალიბერალიზაცია

  საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 სოზარ სუბარი გამოეხმაურა ევროპარლამენტის ევროკავშირის საბჭოსადმი მოწოდებას, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების მიზნით მოლაპარაკებები ნოემბერში დაიწყოს.

 „წლის დასაწყისში საქართველოს უნდა მიეღო ვიზალიბერალიზაცია, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს არ მოხდა და გადაიდო, იყო დამოკიდებული არა საქართველოზე, არამედ იმ მიგრაციულ პროცესებზე, რაც ევროპაში ხდება... არ შემიძლია, არ შევეხო მაინც ჩვენი შიდა ოპონენტების ქმედებებს, რომლებიც დადიოდნენ ევროპარლამენტის დერეფნებში და ცდილობდნენ, საქართველოს არ მიეღო ვიზალიბერალიზაცია… მათი გეგმა ასეთია - ან მე, ან არავინ და არაფერი ამ ქვეყანაზე. მათი ეს სურვილები არ შესრულდა, უბრალოდ, კიდევ ერთხელ მოიჭრეს თავი როგორც ქართველი ხალხის, ისე ევროპის საზოგადოების წინაშე და შესაბამისი პასუხიც გასცა მათ 8 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა და კიდევ ერთხელ გასცემს ასეთ პასუხს 30 ოქტომბერს”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.