პოლიტიკა
ის გამოჩენილი ალპინისტია! - პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დავით რაქვიაშვილი დანიშნა

  საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. „დავით რაქვიაშვილი იყო რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. მონაწილეობდა ჟენევის მოლაპარაკებებში, ინციდენტების პრევენციის მექანიზმში და გამომდინარე აქედან, აქვს სერიოზული გამოცდილება როგორც შეერთებულ შტატებთან, ასევე რუსულ მხარესთან ურთიერთობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, შეერთებულ შტატებში ის ელჩის მოადგილე - დესპანი იყო.

 მე და ბატონი დავითი, ფაქტობრივად, ერთად ვქმნიდით იმ ინსტიტუტს, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს.

 უფრო პიროვნულ კონტექსტში კი გეტყვით, რომ არის ჩემი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ალპინისტი და ვისაც მთაში უვლია, კარგად იცნობს ბატონ დავითს. ეს სერიოზული პიროვნული მაჩვენებელია, რაც საჭიროა იმისთვის, რომ უშიშროების საბჭოში იმუშაო, ემსახურო ქვეყნის გაძლიერებას და თავდაცვისუნარიანობას.

 როგორც მოგახსენეთ, გვაქვს ძალიან ახლო ურთიერთობის ოცდაათწლიანი გამოცდილება. მას ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი“,  - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.