უცხოეთი
ერდოღანი: მოსული და ბათუმი თურქეთს ეკუთვნოდა, ყარაბაღი, ყირიმი და აზერბაიჯანი ჩვენი ინტერსების სფეროში შედის

  საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიიპ ერდოღანმა თურქეთის ქალაქ ბურსაში განაცხადა, რომ ერაყის ქალაქი მოსული, რომელიც ამჟამად „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების ხელშია, თურქეთს ეკუთვნოდა.

 15 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიიპ ერდოღანმა, ქალაქ რიზეს (ისტორიული თაიკი) უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას პირდაპირი ტექსტით განაცხადა, რომ თურქეთის სახელმწიფოს თავისად მიაჩნია ტერიტორიები, რომლებიც თურქეთის დღევანდელი, არალეგიტიმური საზღვრების უშალო სიახლოვეს მდებარეობს. „ჩვენი ინტერესების სფეროში შედის ერაყი, სირია, ლიბია, ყარაბაღი, აზერბაიჯანი, ბოსნია და სხვა მოძმე რეგიონები. როცა თურქეთი თავის დამოუკიდებლობას და მომავალს დაკარგავს, მაშინ დავკარგავთ ჩვენს ინტერესს ამ ტერიტორიებისადმი. ბევრ ისტორიკოსს მიაჩნია, რომ თურქეთის საზღვრებში უნდა შედიოდეს კვიპროსი, ალეპო, მოსული, ერბილი, კირკუკი, ბათუმი, სალონიკი, ვარნა, დასავლეთი თრაკია და ეგეოსის ზღვის კუნძულები“, – განაცხადა ერდოღანმა.

 თურქეთის ნაციონალური კრების საიტზე მითითებულია, რომ „სახელმწიფოები, რომლებმაც ოსმანთა იმპერიის ტერიტორიები დაინაწილეს, ძალიან შეშფოთებული იყვნენ მისაკ–ი–მილის გადაწყვეტილებით“.

 „რატომ არ მოეწონათ მათ ეს? მე უბრალოდ, ისტორიის გაკვეთილი ჩავატარე, ეს უნდა გესმოდეთ“, – დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა. მან გააკრიტიკა დასავლეთის ქმედებები, აღნიშნა რა, რომ დასავლეთის ქვეყნებს „არაფერი მოუმოქმედებიათ“ ერაყისა და სირიისთვის დღევანდლამდე. „სანამ ისინი უმოქმედოდ იყვნენ, ისინი ხელს უშლიდნენ ისეთ გულწრფელ ნაციებს, როგორიც ჩვენ ვართ, რაიმეს გაკეთებაში“, – ხაზი გაუსვა ერდოღანმა.

 17 ოქტომბრის ღამეს კოალიციამ, აშშ–თი სათავეში, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი, ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო.