პოლიტიკა
თბილისში რუსეთ–საქართველოს ბიზნესფორუმი გაიმართება: პრაღაში ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა

  საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის  ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა.

 მორიგ შეხვედრაზე, რომელიც 19 ოქტომბერს პრაღაში გაიმართა, ზურაბ აბაშიძემ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებსა და საოკუპაციო ხაზთან შექმნილ რთულ ვითარებაზე გაამახვილა  ყურადღება. შეხვედრაზე განიხილეს პრაღის ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები - სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროში ურთიერთქმედების გაღრმავების პერსპექტივები. მიღწეულ იქნა კონკრეტული შეთანხმებები რუსეთის ბაზარზე საქართველოდან ექსპორტის, ასევე სატრანსპორტო გადაზიდვების ზრდის კუთხით.

 შეხვედრისას ასევე განიხილეს საქართველოს იმ მოქალაქეებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ჯაშუშობის ბრალდებით სასჯელს იხდიან.

 რუსული მხარის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის შემდგომი გამარტივების მიზნით, რომლის სრული გაუქმების შესახებ, როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რუსული მხარისგან ჯერ საუბარი არ არის.

 ასევე, როგორც აბაშიძემ განაცხადა, დაიწყო მზადება თბილისში რუსეთ–საქართველოს ბიზნესფორუმის ჩატარების შესახებ, რომლის ინიციატორიც რუსული მხარეა.